კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა კლიჩკომ.
გლოვის დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. სახელმწიფო უწყებებს, ასევე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, დროშები ნახევრად დაეშვათ.
21 აგვისტოს კიევში ყველა გასართობი ღონისძიების ჩატარებაც აიკრძალება.
რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ უკრაინას ანტიბალისტიკური რაკეტები მიაწოდონ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. სიბიგას თქმით, 20 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იერიში იყო.
„ასეთი საშინელი სამხედრო დანაშაულებით პუტინი ცდილობს, აჩვენოს, რომ სრულად დაუსჯელია. ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა ბარბაროსობის აქტია, ხოლო უკრაინისთვის მიწოდებული ყოველი ჩამომგდები რაკეტა – ჰუმანურობის გამოხატულება, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიბიგას თქმით, უკრაინამ იცის, რომელ პარტნიორებს შეუძლიათ მსგავსი რაკეტების მიწოდება და მათ დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდა.