2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 11.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი 9.0 ათასი ტონა იყო, დაახლოებით 25%-იანი ზრდაა.
საქსტატის მონაცემებით, აეროპორტებში დამუშავებული ტვირთისა და ფოსტის ნაკადის უდიდესი ნაწილი მიღებულ, ანუ იმპორტულ ნაკადზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში მიღებული ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი ნაკადის 90.8%-ია. გაგზავნილი ტვირთისა და ფოსტის მოცულობა კი 1.0 ათასი ტონა იყო, ანუ საერთო მოცულობის 9.2%.
ტვირთის გადაზიდვის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სატვირთო ავიარეისების რაოდენობაც. 2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.1%-ით მეტია.
ფრენების კატეგორიების მიხედვით, ტვირთისა და ფოსტის ნაკადის 59.5% არარეგულარულ, მათ შორის ჩარტერულ და სატვირთო ფრენებზე მოდიოდა, ხოლო 40.5% — რეგულარულ რეისებზე.
ამასთან, საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვის საერთო ზრდის მიუხედავად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ გადატანილი ტვირთის მოცულობა შემცირდა. 2026 წლის II კვარტალში მათ მიერ გადატანილმა ტვირთმა 35.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0%-ით ნაკლებია.
საპირისპირო დინამიკა დაფიქსირდა სამგზავრო ავიაციაში. 2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 5.7%-იანი კლებაა. მათგან 1.0 მილიონი მგზავრი აეროპორტებიდან გაემგზავრა, ხოლო 1.0 მილიონი საქართველოში შემოვიდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 8.2 ათასი სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით ნაკლებია.