2030 წლისთვის ევროპის კვების მრეწველობას სურსათის ნარჩენების 10%-ით შემცირება მოუწევს, ხოლო ოჯახებს, რესტორნებსა და მაღაზიებს - 30%-ით. ასეთი კანონი მიიღო ევროპარლამენტმა, რომლითაც დაამტკიცა საკვებისა და ტექსტილის გადამუშავების ახალი ზომები – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ამჟამად, საშუალო ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებს და 12 კილოგრამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყრის.

პარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასურსათო მაღაზიებმა და რესტორნებმა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნარჩენების წარმოქმნაში, ორგანიზება გაუწიონ გაუყიდველი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი საკვების უფასო დარიგებას გაჭირვებულებისთვის.