გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ ლიდერებს მასპინძლობს, რომლებიც 2028-2034 წლების შვიდწლიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შეკვეცას ითხოვენ. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
მერცმა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ თითქმის €2-ტრილიონიან საბიუჯეტო პროექტს, შეხვედრაზე ნიდერლანდების, ფინეთის, ავსტრიის, დანიისა და შვედეთის ლიდერები მიიწვია.
„მთლიანი ბიუჯეტი არსებითად უნდა შემცირდეს, ასობით მილიარდი ევროთი. მიუღებელია, რომ ბრიუსელი ისტორიაში ყველაზე დიდ ბიუჯეტს განიხილავს, როდესაც ჩვენ სახლში ქამრების შემოჭერა გვიწევს“, - განუცხადა ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა გამოცემას.
ბერლინში შეკრებული „ნეტ-კონტრიბუტორი“ ქვეყნების ჯგუფი ითხოვს არა მხოლოდ ბიუჯეტის საერთო მოცულობის შემცირებას, არამედ პრიორიტეტების შეცვლასაც, დაფინანსების გადანაცვლებას სოფლის მეურნეობიდან თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ინოვაციების სექტორებზე.
პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ევროპულ დედაქალაქებში ტურნეს აგრძელებს და კომპრომისული ვარიანტის გამონახვას ცდილობს. კოშტას თქმით, ბიუჯეტის შეკვეცის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის აუცილებელია ევროკავშირის „საკუთარი რესურსების“ (ახალი ევროპული გადასახადების) შემოღება, რაც მოიცავს მოსაკრებლებს ემისიებზე, ნახშირბადის იმპორტზე, ციფრულ სერვისებსა და მსხვილი კორპორაციების შენატანებზე.
ევროკავშირის ბიუჯეტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე იგეგმება, თუმცა პროცესს ევროპის წამყვან ქვეყნებში მოსალოდნელი არჩევნები და შიდაპოლიტიკური უთანხმოებები ართულებს.