რუსეთში რეცესიის რისკი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ქვეყნის ეკონომიკაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და მუდმივი ინფლაციის შედეგები სერიოზულ გავლენას ახდენს. წერს გამოცემა Bloomberg. რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0,5%-მდე იქნება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ზრდის მაჩვენებელი 3,5-4%-ია. ბიზნესებმა გაკოტრების საფრთხის გამო ინვესტიციების შემცირება უკვე დაიწყეს.

„რუსეთის ეკონომიკისთვის შედარებით კარგი პერიოდი, რომელიც დაფუძნებულია ადრე დაგროვილ რესურსებზე, დასრულდა“, - განაცხადა ოლეგ ვიუგინმა, ეკონომისტმა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

აქამდე, რუსეთის ეკონომიკა ფუნქციონირებას ახერხებდა, მიუხედავად მისი შესუსტების მცდელობისა გარედან. კრემლმა მაღალი ხელფასების გაცემა გააგრძელა, რითაც სტაბილურობის შეგრძნება შეინარჩუნა. მოსახლეობას პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამას ადასტურებს დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვითაც მოსახლეობის ორ მესამედს ხვალინდელი დღისა და კეთილდღეობის იმედი აქვს.

თუმცა ჩნდება უარყოფითი ფაქტორები: რეკორდულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მუდმივი ინფლაცია, პრობლემები საერთაშორისო გადახდებთან დაკავშირებით, დასუსტებული რუსული რუბლი, არასტაბილური ბაზრის პირობებში ნავთობის ფასებზე დამოკიდებულება და პრობლემები ჩინეთის ეკონომიკაში, რომელიც რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

რუსეთში ეკონომისტები რთულ წელზე უკვე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ 2025 წელი ქამრების შემოჭერის წელი იქნება. უმსხვილესი კომპანიებიც კი, როგორიცაა Transneft, Russian Railways, Severstal და Norilsk Nickel, ცვლიან თავიანთ სტრატეგიებს და ამცირებენ ინვესტიციებს.