„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი თავის მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებს“, - წერს გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ (FAZ) სამშაბათის ნომერში და მის წარუმატებლობებს ჩამოთვლის.

გაზეთი აშუქებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორშაბათს გამართულ შეხვედრას, რომელზეც ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კალასის წინადადებაზე, რომ უკრაინისთვის 40-მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოეყოთ.

მართალია, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კალასმა აღნიშნა, რომ მის გეგმას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ, FAZ-ის ცნობით, საქმე მხოლოდ ცალკეული დეტალებისა და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში არ არის - რამდენიმე ქვეყანა კალასის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ინიციატივის მიმართ წინააღმდეგობა მხოლოდ უნგრეთიდან კი არა, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდანაც კი მოდის. ეს ქვეყნები უკრაინის დახმარებაში მსხვილი შენატანების გაღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. უკრაინის დახმარებაში აქამდე მათ მიერ ერთად გაწული ძალისხმევა იმაზე ნაკლებია, რაც მარტო დანიამ გაიღო“, - წერს გერმანული გაზეთი.

FAZ-ის ცნობით, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს მოგროვების ინიციატივა, თავდაპირველად, კალასის წინამორბედმა, ჟოზეპ ბორელმა წამოაყენა, თუმცა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, კალასმა ის თავისი დღის წესრიგიდან ამოიღო. გაზეთის ჟურნალისტის თქმით, ეს თემა მან, მოულოდნელად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ კვლავ წამოჭრა. „ზოგიერთი დიპლომატი ამტკიცებს, რომ მას უკეთ უნდა მოემზადებინა ეს საკითხი, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ბორელთან“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც, მინიშნება, სავარაუდოდ, სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან ბორელის ახლო კონტაქტებზეა გაკეთებული.

„აშკარაა, რომ კალასის საქმეს არ წაადგა ის, რომ თავისი მოღვაწეობის პირველ კვირებში, მან ევროპული საბჭოს საგარეო ქმედებათა სამსახურიდან (EEAS) რამდენიმე მაღალი რანგის იტალიელი და ესპანელი მოხელე გაათავისუფლა. მათ შორის იყო EEAS-ის გენერალური მდივანი, სტეფანო სანინო - სააგენტოს ყველაზე მაღალი რანგის მოხელე. ანონიმური წყაროების თანახმად, ზოგიერთი მთავრობა ამით გაოგნებული დარჩა. ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები გარდაუვლად იწვევს კონფლიქტებს. გარდა ამისა, იზრდება EEAS-ის თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც ახალი ხელმძღვანელობის მუშაობის სტილზე ჩივიან. არსებული ინფორმაციით, კალასის კაბინეტი იზოლირებულად მუშაობს და 5 300-კაციანი საგარეო სამსახურის ექსპერტიზას არ იყენებს“, - იუწყება „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

როგორც FAZ-ი წერს, კალასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია ევროპული ქვეყნების სურვილი, ჰქონდეთ თავისი როლი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესში, რომელსაც ამჟამად შეერთებული შტატები შუამავლობს.

„თუმცა, ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ვაშინგტონის მეტისმეტად მკაცრი კრიტიკით, თვითონ ჩამოაშორა თავისი თავი ამ პროცესს.უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას კალასმა „ბინძური გარიგება“ უწოდა, რის გამოც, როდესაც თებერვლის ბოლოს ვაშინგტონში ჩავიდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, განრიგთან დაკავშირებული პრობლემების მომიზეზებით, სასწრაფოდ გააუქმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. „კალასმა ვერც ამერიკის მთავრობის სხვა მოხელეებთან მოახერხა შეხვედრა“, - აღნიშნავს გერმანული გაზეთი.

FAZ-მა ასევე გაიხსენა, რომ თეთრ სახლში 28 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სიტყვიერი თავდასხმის ობიექტი გახდა, კალასმა სოციალურ მედიაში განათავსა პოსტი შემდეგი ტექსტით: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“.

FAZ-მა იმასაც გაუსვა ხაზი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ სავარაუდოდ გამოკითხა ევროკავშირის ლიდერები, უჭერდნენ თუ არა მხარს უკრაინიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას. ბრიუსელში ზოგიერთმა ეს კალასის შეურაცხყოფად მიიჩნია, რადგან ასეთი პასუხისმგებლობები მისი კომპეტენციის ფარგლებში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერებს მარტის სამიტზე ეს საკითხი აღარ განუხილავთ, FAZ-ის ცნობით, თემა ბოლომდე დახურული არ არის. „ეძებენ თვალსაჩინო ფიგურას, იდეალურ შემთხვევაში - მთავრობის ყოფილ მეთაურს“, - წერს გაზეთი.

FAZ-მა კალასსა და გერმანიას შორის დაძაბულობაც გაიხსენა, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, კიევში ვიზიტისას, მან განაცხადა: „ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს“.

მართალია, რუსეთთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქვეყანა ამ მოსაზრებას იზიარებს, მაგრამ ასეთი პოზიცია არასდროს ყოფილა პირდაპირ დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნებში, რომლის წევრიც არის კალასი და რომელიც ევროკავშირის უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.

ევროპული საბჭოს სტანდარტული ფორმულირებაა, რომ უკრაინას მხარდაჭერა გაეწევა „იმდენ ხანს და იმ ინტენსივობით, რამდენიც საჭირო იქნება“ და „ამ ომიდან რუსეთი გამარჯვებული არ უნდა გამოვიდეს“. ეს ფორმულირება ნაწილობრივ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ძალისხმევით იქნა მიღწეული. ამიტომ, FAZ-ის ცნობით, კალასის ახალმა ფრაზეოლოგიამ ბერლინის გაღიზიანება გამოიწვია.

გაზეთის ინფორმაციით, დაპირისპირების კიდევ ერთი თემა რუსული აქტივების საკითხია. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, კალასმა EEAS-ს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გზების შესწავლა დაავალა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები ამას დიდი ხანია ემხრობიან, მაგრამ ევროზონის წამყვანი წევრები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. ევროპული საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა დაასკვნა, რომ ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს შეიცავს, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინვესტორთა შესაძლო უკურეაქციის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა“, - იუწყება FAZ-ი.

გერმანული გაზეთის შეფასებით, როდესაც გასული წლის დეკემბერში კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა, მის მიმართ მაღალი მოლოდინები არსებობდა. 47 წლის კალასი, ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შედარებით, ახალგაზრდა თაობას წარმოადგენს. ის ასევე არის პირველი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქალი, რომელიც ამ პოზიციას იკავებს.

FAZ-მა აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის წასვლის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტი კალასმა ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის შეშფოთების გამო ვერ მოიპოვა, რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთთან ისედაც რთულ ურთიერთობებს ის კიდევ უფრო დაძაბავდა. თუმცა, ექსპერტების აზრით, ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელის რანგში მას მაინც ფართო პოლიტიკური პორტფოლიო ექნებოდა. „ეს დაკავშირებული იყო იმედებთან, რომ კალასი სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას გაუწევდა კოორდინაციას“, - დაასკვნის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

წყარო: 1 არხი