აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი გადახედავს მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესების გეგმას, რადგან ამან, შესაძლოა, გააფუჭოს ურთიერთობები ახლო მოკავშირეებთან.
„იმედი მაქვს, რომ ტრამპი კიდევ იფიქრებს ამაზე. მიმაჩნია, რომ ეს კონტრპროდუქტიული ნაბიჯია“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას.
„ამერიკას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს – ჩვენ გარშემორტყმული ვართ წყნარი ოკეანით, ატლანტის ოკეანით და ორი მოკავშირით: მექსიკითა და კანადით. ბოლო რამ, რაც გვჭირდება, არის ამ ურთიერთობების გაფუჭება“, – დასძინა ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.