იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მთავრობის საგანგებო სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც ქუვეითში მდებარე იტალიურ სამხედრო ბაზაზე ირანმა იერიში მიიტანა.
სტრატეგიულ ობიექტზე, სადაც 300 ჯარისკაცი მსახურობს, მსხვერპლზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს.
მელონი, სხდომის მოწვევის პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ კონფლიქტსაც გამოეხმაურა და მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა, რადგან დაძაბულობა კვლავ იზრდება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმაც, პედრო სანჩესმაც, გააკრიტიკა მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გმობს „შეერთებული შტატებისა და ისრაელის ცალმხრივ სამხედრო ქმედებებს“ მხარეებს აფრთხილებს უფრო მტრული და დაპირისპირებული გლობალური წესრიგის შექმნის რისკზე. მან ასევე დაგმო ირანის ქმედებები და დასძინა, რომ მსოფლიო „ვერ გაუძლებს კიდევ ერთ გახანგრძლივებულ და დამანგრეველ ომს ახლო აღმოსავლეთში“.
ირანში მიმდინარე პროცესებიტ შეშფოთებულია საფრანგეთიც, რომლის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
„მიმდინარე ესკალაცია ყველასთვის საშიშია. ის უნდა დასრულდეს. ახლა ირანის რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად ჩაერთოს, რათა თავისი ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები, ასევე რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები დაასრულოს“, - წერს მაკრონი X-ზე.
მაკრონის ცნობით, საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.
„ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავლის შექმნა თავისუფლად უნდა შეძლოს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ოპერაციის მიზანი იყო ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონში მოქმედი პროქსი-ჯგუფების შესაძლებლობების შეზღუდვა.
საპასუხოდ, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმას უპასუხებდა „პროპორციულად და გადამწყვეტად“. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა სარაკეტო და უპილოტო აპარატების შეტევები განახორციელა ისრაელის მიმართულებით და, გავრცელებული ცნობებით, რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაც.
რეგიონულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს — ნაწილმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ბოლო წლების განმავლობაში და ზრდის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკს სპარსეთის ყურისა და ლევანტის რეგიონში.
ამ ეტაპზე ვითარება კვლავ დინამიკურია და საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომად არ გადაიზარდოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადეს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები „ძალიან შემაშფოთებელია“.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს,“ – ნათქვამია ორი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.
„ჩვენ რეგიონში პარტნიორებთან კონტაქტში ვრჩებით. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.
„ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.