რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას გავიდეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, რომლებიც აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობს - თუ უკრაინა არ დათანხმდება მოსკოვის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიულ დათმობებს.

ამ ცნობას 28 თებერვალს ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით.

ამ ანონიმურად დატოვებული წყაროების თანახმად - რომლებიც მოლაპარაკებებს იცნობენ - რუსეთის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იხრებიან მოსაზრებისკენ, რომ აშშ-ის ეგიდით უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება აზრსაა მოკლებული, თუ კიევი არ დათანხმდება ჯარის გაყვანას დონეცკის ოლქიდან - რაც რუსეთის მთავარ მოთხოვნად რჩება. ამასთან, როგორც იუწყებიან, რუსეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, თუ უკრაინა დათმობაზე წავა.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, რუსეთი მზადაა თავისი ჯარები გაიყვანოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის ოლქებში, და არც კონტროლის გაფართოებას მოითხოვს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე (მათ მთელ ტერიტორიას, უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ნაწილებსაც კი, მოსკოვი რუსეთისად მიიჩნევს, ისევე, როგორც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებსა და ყირიმს). გარდა ამისა, სააგენტოს წყაროს სიტყვებით, რუსეთი დათანხმდება შერიგების მონიტორინგს აშშ-ის ხელმძღვანელობით და უკრაინის არმიის რაოდენობის შეზღუდვის მოთხოვნაზეც უარს იტყვის. კვლავ განხილვის პროცესშია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი - სადგური ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

სააგენტოს წყაროების თქმით, მოლაპარაკება, რომელიც მომავალ კვირაშია დანიშნული (4-5 მარტს, სავარაუდოდ), გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რადგან სწორედ მისი შედეგებით გახდება ცხადი შეძლებენ თუ არა მხარეები წინსვლას ომის შეწყვეტის შესახებ რეალური შეთანხმებისკენ, თუ პროცესი ჩიხში შევა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები - რომელთა სამი რაუნდიც მიმდინარე წელს გაიმართა - კრიტიკულ მომენტს მიუახლოვდა, და რომ მხარეები ან შეთანხმდებიან მშვიდობაზე, ან გააგრძელებენ ბრძოლას, მოლაპარაკების შეწყვეტით.

მოსკოვში ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია Bloomberg-ის ცნობას, თუმცა მანამდე რუსეთში რამდენჯერმე თქვეს, რომ დონბასიდან უკრაინის არმიის გასვლა არის აუცილებელი მოთხოვნა. ამასთან, ისმოდა სხვა მოთხოვნებიც, რომლებსაც Bloomberg-ი არ ახსენებს. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს არ გადასცემს რუსეთს. უკრაინის ჯარების გაყვანას ის უწოდებდა თეორიულად შესაძლებელს იმ პირობით, თუ რუსეთიც გაიყვანს თავის ძალებს დონეცკის ოლქში.

www.radiotavisupleba.ge