კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის ფონზე განცხადება გაავრცელა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის სრულად განადგურების მიზნით, ისრაელთან ერთად ამჟამად სამხედრო ოპერაციას ატარებს.

განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანიდან მომავალი იერიშების ფონზე ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს. მთავრობის მეთაურმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

“კანადის მთავრობა ყურადღებით აკვირდება ირანთან დაკავშირებულ საომარ მოქმედებებს მთელ ახლო აღმოსავლეთში და მოუწოდებს ირანში მყოფ ყველა კანადელს, დარჩნენ თავშესაფრებში. რეგიონის სხვა ქვეყნებში მყოფმა კანადელებმა კი უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რჩევები და მიიღონ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა.

კანადის პოზიცია უცვლელი და ნათელია: ირანის ისლამური რესპუბლიკა წარმოადგენს არასტაბილურობისა და ტერორის მთავარ წყაროს მთელ ახლო აღმოსავლეთში, აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი და მას არასოდეს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების საშუალება.

კანადა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ირანის რეჟიმს, დაესრულებინა თავისი ბირთვული პროგრამა, მათ შორის კანანასკისში გამართულ 2025 წლის დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტზე და სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სანქციების ხელახლა დაწესებისას.

დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ირანს არც სრულად დაუშლია თავისი ბირთვული პროგრამა, არც ურანის გამდიდრების ყველა აქტივობა შეუჩერებია და არც რეგიონული ტერორისტული მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა შეუწყვეტია. კანადა დგას ირანელი ხალხის გვერდით მათ ხანგრძლივ და მამაცურ ბრძოლაში ირანის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ. კანადამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და სანქციები დაუწესა 256 ირანულ სუბიექტსა და 222 ფიზიკურ პირს, როგორც პასუხი რეჟიმის რეპრესიებსა და ძალადობაზე, რომელიც მიმართულია როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ისე, განუწყვეტლივ, მის საზღვრებს გარეთაც. კანადა ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს თავისი ხალხის უსაფრთხოება.

კანადა მხარს უჭერს შეერთებული შტატების ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს, თავიდან აიცილოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება და არ მისცეს მის რეჟიმს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საშუალება.

კანადის მთავრობა მოითხოვს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვას ამ კონფლიქტში. ჩვენ მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას ჩვენი მოქალაქეებისა და კანადის დიპლომატიური მისიების დასაცავად მთელ რეგიონში",- აღნიშნულია განცხადებაში.

bm.ge