ფრილანსერობა საოცნებო საქმიანობად ეჩვენებათ, თუმცა ბევრი პროფესიონალი მის სხვადასხვა მხარეზე საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ ფრილანსინგი უყვართ, მაგრამ მომავალზე ღელავენ. როდესაც შემოსავალი არასტაბილურია და თვიდან თვემდე გადარჩენაზე ფიქრობ, დანაზოგის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, საპენსიო სარგებელიც ეჭვქვეშაა.
ეს კითხვა სერიოზულ პასუხს იმსახურებს, რადგან საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
არსებობს სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოცაა, სადაც დასაქმებულების დიდი ნაწილი ავტომატურად არის ჩართული საპენსიო სქემაში, თუმცა თვითდასაქმებულები – არა. არ არსებობს დამსაქმებლის შენატანი და არც ავტომატური გადარიცხვა. ყოველთვე თავად უნდა გადაწყვიტო, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მომავალი და გადადებ თუ არა რამე თანხას.
რა ვქნათ ასეთ დროს, თუ არც ფრილანსერობა გვეთმობა
ფრილანსინგს თავისუფლება მოაქვს: თავად არჩევ პროექტებს, გრაფიკს, კლიენტებს, მაგრამ ამ თავისუფლებას ერთი უხილავი მხარე აქვს – შენს მომავალზე ზრუნვა მთლიანად შენს პასუხისმგებლობაზეა. თუ დასაქმებული არ ხარ და დამსაქმებელი საპენსიო შენატანს არ აკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ პენსია „არ გეკუთვნის“. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სისტემა უნდა შექმნა.
ქვემოთ არის პრაქტიკული, უნივერსალური გზამკვლევი (ქვეყნის მიუხედავად), როგორ შეიძლება ფრილანსერმა ეტაპობრივად დააგროვოს საპენსიო ან გრძელვადიანი დანაზოგი.
- შეცვალე აზროვნება: პენსია = ბიზნესის ხარჯი
თანხის დაზოგვა არ იწყება ფიქრით: „როცა ბევრი ფული მექნება, მაშინ დავიწყებ“.
ის უნდა აღიქმებოდეს როგორც:
- ოფისის ქირა
- ინტერნეტის გადასახადი
- პროგრამების გამოწერა
ანუ – აუცილებელი, რეგულარული ხარჯი.
სანამ ძირითად სახარჯო ხელფასს „გადაირიცხავთ“, ჯერ გადარიცხეთ მომავლისთვის.
- გამოყავი პროცენტი, არა ფიქსირებული თანხა
რადგან ფრილანსერის შემოსავალი ხშირად არასტაბილურია, უკეთ მუშაობს პროცენტული მიდგომა.
მაგალითად:
- 10-20% ყოველი შემოსავლისგან – გრძელვადიან დანაზოგში
- თუ რთული თვეა და ბევრის გადადება არ ხდება 5% მაინც
- და პირიქით, თუ თვე პროდუქტიული იყო – 20% ან მეტიც
მთავარია თანმიმდევრულობა და არა ოდენობა.
- შექმენი „სამი ფენის სისტემა“
გამოცდილი პროფესიონალები გვირჩევენ სამი ფენის სისტემას, რომელიც ასე გამოიყურება:
ფენა 1: საგანგებო ფონდი (Emergency Fund)
პირველ რიგში, დააგროვე 3-6 თვის ცხოვრების ხარჯი.
რატომ?
რადგან როცა პროექტები შეწყდება და დროებითი ჯანფარა გექნებათ, ცუდ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
ფენა 2: გრძელვადიანი ინვესტიცია (საინვესტიციო ანგარიში)
გარკვეული სტაბილურობის მიღწევის შემთხვევაში, როცა ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობთ, უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, გრძელვადიან ინვესტიციებში გადადოთ თანხა.
დაგროვების გამოცდილი მოდელია ერთი პროექტის თანხის ხარჯვა ყოველდღიურობაში, დანარჩენის კი გადადება დიდი დანაზოგისთვის.
ფენა 3: დამატებითი აქტივები
გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება განიხილოთ დაგროვება:
- უძრავი ქონებისთვის
- დივიდენდიანი აქციებისთვის
- ციფრული აქტივებისთვის
საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, რომელიც მომავალში პასიურ შემოსავალს მოგცემს.
დაგეგმეთ ყველაზე სუსტი თვეების მიხედვით
ხშირად ფრილანსერები ხარჯებს გეგმავენ ყველაზე წარმატებული თვეების შემოსავალზე დაყრდნობით, რაც რისკიანია. ჯობს ბიუჯეტი ყველაზე დაბალშემოსავლიან თვეზე მოარგო. თუ მეტს გამოიმუშავებ, ზედმეტი თანხა დანაზოგში გადადე ან გონივრულად დახარჯე.
თუ ფინანსური ნაწილი შენს ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს, პროფესიონალ ბუღალტერთან თანამშრომლობა შეიძლება კარგი ინვესტიცია აღმოჩნდეს, ის დაგეხმარება ხარჯების სწორად დეკლარირებაში და ზედმეტი გადასახადის თავიდან აცილებაში.
ფრილანსერობა ყოველთვის დინამიკური იქნება – წარმატების პიკითა და ჩავარდნებით. თუმცა სწორი ფინანსური ჩვევები, ავტომატიზაცია და გრძელვადიანი ხედვა ამ მოძრაობას უფრო სტაბილურსა და მშვიდს ხდის. თუ აქამდე არ დაგიწყიათ გონივრულად დაგროვება, იმედია, ამ სტატიის შემდეგ დაიწყებთ.