იტალიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ესპანეთის დაქვემდებარებაში არსებულ ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მდგომარეობა „გაუმჯობესებისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა“, ამიტომ რომი მადრიდთან თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვას კიდევ, სულ მცირე, 15 დღით ახანგრძლივებს.
იტალიის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსულტაცია ჰქონდა თავის ესპანელ კოლეგასთან და გადაწყვეტილების შესახებ მას სატელეფონო საუბრისას აცნობა.
შენგენის შეთანხმება, რომელიც რომმა უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით დროებით შეაჩერა, 31 აგვისტოდან კვლავ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა იტალიურმა მხარემ სეუტაში არსებული მდგომარეობა პრობლემურად შეაფასა, რადგან ესპანურ ანკლავში 5-დან 10 ათასამდე არალეგალი მიგრანტი რჩება, მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კი ვითარება დაძაბულია.
სიტუაციას ართულებს თავად ესპანეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. უწყების თანახმად, გამოძიება ახლა მიმდინარეობს მაროკოს სამი, ასევე ესპანეთისა და ბელგიის მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალადობის მსხვერპლთაგან შვიდი კი არასრულწლოვანია.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იტალიის მთავრობის მაღალჩინოსნები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და მოუწოდებენ ესპანელ კოლეგებს, ყურადღება მიაქციონ მნიშვნელოვან ფაქტორს - შენგენის რეჟიმის შეჩერებით რომი არ ცდილობს მადრიდთან კონფლიქტის გამოწვევას და ნაბიჯი არ არის მიმართული პარტნიორის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ შენგენის შეთანხმების შეჩერებით ჯორჯა მელონი პედრო სანჩესისა და მისი კაბინეტის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, იტალიის ხელისუფლება დარწმუნებულია გადადგმული ნაბიჯის სისწორეში.
რომში განმარტავენ, რომ განსაკუთრებულ სასაზღვრო შემოწმებას ექვემდებარებიან ესპანეთიდან შემომავალი მესამე ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც, მათივე თქმით, შესაძლოა, იყვნენ საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი პირები. იტალიურმა მხარემ არ გამორიცხა მიგრაციულ ნაკადებში „ტერორისტული ელემენტების მოხვედრის პოტენციური საფრთხეც“.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა საკუთარი გუნდის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია და ცდილობს, ამ ხაზს გაჰყვეს ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა იღებს ახალ კანონებს და ამკაცრებს რეგულაციებს, ასევე არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობას მკაცრად სჯის, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, რადგან საკითხი იტალიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევაა.
განსაკუთრებული პრობლემები ქვეყანას ხვდება ხმელთაშუა ზღვიდან, საიდანაც იტალიის ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტი ჩადის, მათ გასასტუმრებლად კი იქმნება სპეციალური, ე.წ. „დაბრუნების ცენტრები“.