ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
03:50 - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. შეხვედრაზე ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული შეტევის საკითხზე იმსჯელეს
„ირანისა და მისი მარიონეტების მუქარებისას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.

03:10 - იერუსალიმში ადგილობრივი დროით 01:45 საათზე (23:45 BST) საჰაერო განგაში ამოქმედდა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები იერუსალიმის თავზე ირანულ დრონებს ანადგურებენ.
CBS News-ის ინფორმაციით ისრაელისგან მიმართული რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს ამერიკელმა სამხედროებმაც, ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და სად მოხდა მათი ჩამოგდება.
02:50 -„საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს“ - ამასთან დაკავშირებით განცხადებას გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივი მისია X-ზე აქვეყნებს და ისრაელზე თავდასხმის არგუმენტად გაეროს 51-ე მუხლი მოჰყავს.
„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ თავდაცვას, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ.
საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც აშშ შორს უნდა დარჩეს!“- ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაეროს წესდების 51-ე მუხლი ამბობს, რომ წევრ სახელმწიფოებს აქვთ "შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლება".
02:20 - თეირანმა ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს წყარო.
რაკეტები გასროლილი იქნა სამიზნეებისკენ „ქვეყნის სიღრმეში“, - ნათქვამია IRNA-ს ინფორმაციაში.
ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვება ამ დროისთვის ისრაელის მიერ არ არის დადასტურებული
01:55 - სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ირანიდან 200-ზე მეტი დრონის გაშვება ისრაელის მიმართულებით. ირანულმა სააგენტო Tasnim-მა გამოაქვეყნა დრონების ფოტოები ერაყის ცაზე.

ისრაელმა იორდანიასა და სირიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო - წერს Kan 12 ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე.
ისრაელის სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე გაჩნდა ირანული სამიზნეების სია - მათ შორის აეროდრომები, სამხედრო ობიექტები და პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს რეზიდენცია.
საჰაერო სივრცე დაკეტეს ერაყმა, ეგვიპტემ, ლიბანმა და სირიამ. იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
არსებული ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვისთვის ემზადება. შეერთებული შტატებს ატომური ავიამზიდი USS Dwight Eisenhower-ს ისრაელისკენ გადაჰყავს.
ირანული სააგენტო Tasnim ციტირებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის განცხადებას. სადაც ნათქვამია, რომ დარტყმები განხორციელდება ისრაელის შიგნით და ისინი გამოიყენებენ როგორც უპილოტო თვითმფრინავებს, ასევე რაკეტებს და ეს იქნება პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე.
1 აპრილს, სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოს საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის გავლენიანი გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი.
ოფიციალურად ისრაელმა არ აღიარა თავისი მონაწილეობა ამაში, თუმცა თეირანმა პასუხისმგებლობა პირდაპირ ისრაელს დააკისრა და დაემუქრა.
14 აპრილის ღამეს, ირანის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ რეზა აშტიანმა ასევე გააფრთხილა მესამე ქვეყნები - რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც „გახსნის თავის საჰაერო სივრცეს ან ტერიტორიას ირანზე ისრაელის მიერ თავდასხმებისთვის“, თეირანის მკაცრი პასუხის წინაშე აღმოჩნდება.
ირანის მხრიდან დარტყმა მოლოდინი არსებობდა და ისრაელის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი. კვირას, ისრაელში სამუშაო დღე და სკოლებში გაკვეთილები გაუქმდა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ირანის პირდაპირი თავდასხმისთვის.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ცახალი ძლიერია. საზოგადოება ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ, რომ შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
