უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Holdings-ის წმინდა მოგება 2026-2027 ფინანსური წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 66.6%-ით შემცირდა და 108.1 მილიონი ევრო შეადგინა. გასული წლის ექვს თვეში კომპანიის წმინდა მოგება 323.5 მილიონ ევროს აღწევდა. ამის შესახებ Reuters კომპანიის ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით წერს.

მოგების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირება გახდა. ექვსთვიან პერიოდში ავიაკომპანიის საწვავის ხარჯები 33.7%-ით გაიზარდა და 1.24 მილიარდ ევროს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 928.3 მილიონი ევრო იყო. ხარჯებზე გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან დაკავშირებულმა ვითარებამ და ჰორმუზის სრუტის გავლით საწვავის მიწოდების შეფერხებებმა.

ამასთან, კომპანიის შემოსავლები 13.8%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ევრო შეადგინა. მგზავრთა რაოდენობა 26.2%-ით, 46.1 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, შემოსავლების მატება საწვავისა და სხვა საოპერაციო ხარჯების ზრდის კომპენსირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგებზე გავლენა იქონია ასევე ახლო აღმოსავლეთში ფრენების შეფერხებებმა და თვითმფრინავების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა.