საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Goal.com-მა ​იმ ვარსკვლავთა შორის დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

მუნდიალის დაწყებამდე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა, ტურნირში 48 გუნდი ითამაშებს.

აი, რას წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე:

„საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის აღმოჩენა იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია თავისი შესანიშნავი დრიბლინგებითა და დაუღალავი შრომით, ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა საქართველოს მერვედფინალში გასვლაში. თუმცა, დასანანია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ზაფხულში ყველაზე დიდ სცენაზე ვერ ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ბულგარეთთან 3:0 მოგებულ მატჩში, თუმცა საქართველომ დარჩენილი ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო და E ჯგუფში ესპანეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. ახლა „ჯვაროსნების“ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს, რათა თავდაჯერებულობა დაუბრუნოს გუნდს, რომელშიც ნაკლებად მოიძებნებიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც კვარაცხელიას დონეს გაუთანაბრდებან“, – წერს გამოცემა.

Goal.com-ის სიაში კვარაცხელიას გარდა ჯან-ლუიჯი დონარუმა (იტალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), კრისტიან ერიქსენი (დანია), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), ბრაიან მბეუმო (კამერუნი), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი), ალექსის სანჩესი (ჩილე), ბენიამინ შეშკო (სლოვენია), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა), სერჰუ გირასი (გვინეა) მოხვდნენ.

წყარო: პირველი არხი