დღეიდან, 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. 

ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ და ბიზნეს (B1/B2) ვიზებს ვეღარ მიიღებენ 10-წლიანი ვადით. ვიზა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვის ვადით და ქვეყანაში მაქსიმუმ 30 დღით დარჩენის უფლებით.

ახალი რეგულაციით, აპლიკანტებს ვიზის მისაღებად შესაძლოა დასჭირდეთ ფინანსური გარანტიის წარდგენა. თანხის ოდენობას 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს საკონსულო ოფიცერი განსაზღვრავს.

„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.

გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.

განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს საქართველოში მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.