კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელი რეზო ტაბატაძე მიიჩნევს, რომ თუკი ავტოპარკის განახლების სურვილი რეალურად არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანების მხარდაჭერა, ავტომფლობელების წახალისება და არა ისეთი კანონის მიღება, რომელიც ავტოპარკს პირიქით, ეკოლოგიისთვის კიდევ უფრო საშიშს გახდის.

„მიზანი და იდეა, ავტოპარკის განახლების, ეკოლოგიის გაჯანსაღების, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად კარგია და დადებითად შეიძლება შეფასდეს ამ კუთხით და ამ კონტექსტში, მაგრამ მეორე და მნიშვნელოვანი მომენტია, რამდენად მოახდენს აღნიშნული ცვლილებები ამ მიზნების მიღწევას. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ავტოპარკის განახლება და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტომობილების შეძენა მოხდეს 2020 წლიდან და ზემოთ. თუ ავიღებთ ჩვენს რეალობას და უშუალო სიტყვებით მინდა გადმოვცე ეს მომენტი - პირობითად, ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა 2025 წლიანი, თუნდაც 2022 ან 2020 წლიანი ავტომობილი, მაგრამ შეგნებულად მიდიოდა და 2014 წლიანს ყიდულობდა, ეს კანონზომიერებაში არ ჯდება. შესაბამისად, როცა ვამბობთ იმას, რომ ავტოპარკის განახლება გვინდა, მაგრამ ვაწესებთ შეზღუდვებს და ვამბობთ, რომ 2020 წელზე ქვემოთ, კი ბატონო, შემოგაყვანინებთ, მაგრამ 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფით, ეს რეალობა ვერ მოემსახურება იმას, რომ ავტოპარკი განახლდეს, პირიქით, ადამიანები შეეცდებიან, ძველი ავტომობილები შეარემონტონ, რამდენჯერმე განაახლონ და მაქსიმალურად დიდხანს ჰყავდეთ მფლობელობაში.

აქედან გამომდინარე, მივიღებთ არა განახლებულ ავტოპარკს, პირიქით, დაძველებულ ავტოპარკს მივიღებთ, რომელიც ეკოლოგიაზე დადებით გავლენას ვერაფრით მოახდენს, ეკოლოგია კიდევ უფრო მეტად დაბინძურდება. გარდა ამისა, სფეროში დასაქმებულია ასეულობით ათას ადამიანსა და მათ ოჯახებზე. ეს ადამიანები შემოსავლების გარეშე რჩებიან, რაც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზე“, - განაცხადა რეზო ტაბატაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.

მისივე თქმით, თუ ვინმეს რეალურად სურს ავტოპარკის განახლება, უნდა იზრუნოს არა ტარიფის გაძვირებაზე, არამედ მის შემცირებაზე.

„ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, 6 წლიანი პერიოდი 10 წლიან პერიოდზე დაკორექტირდეს. 10 წლიანი ავტომობილები აკმაყოფილებენ ყველა იმ პირობას, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ გამონაბოლქვს. ტექნიკურად რომ ავიღოთ, არანაირი განსხვავება არ არის 2018, 2019 და 2020 წლიან ავტომობილებს შორის, აბსოლუტურად ერთი და იგივე მონაცემები აქვთ. გარდა ამისა, თუ რეალურად გვინდა ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა, უნდა ვისაუბროთ არა ტარიფის გაძვირებაზე, არამედ ტარიფის შემცირებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო წახალისება და ტარიფის შემცირება, 2020 წელს ზემოთაც გაძვირებული ტარიფი მივიღეთ“, - აღნიშნავს რეზო ტაბატაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა.