ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ძლიერი ქარები ხშირად ქრის მეცნიერები გიგანტური ფრანების გამოყენებით ახალ ტექნოლოგიას ცდიან ენერგიის გენერირებისთვის, რომელიც შეიძლება ტრადიციული ქარის ტურბინების ალტერნატივად იქცეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ერთ-ერთი ასეთი ფრანი, რომლის ფართობი 60 კვადრატული მეტრია, უკვე გადის ტესტირებას. ის 400 მეტრის სიმაღლეზე ადის და შემდეგ 190 მეტრამდე ეშვება. ფრანის მოძრაობა სათევზაო კოჭის ანუ იო-იოს პრინციპს წააგავს. მიღებული ენერგია ინახება ბატარეებში, რომლებიც ანალოგიურია მზის პანელებში გამოყენებული ბატარეების.
დეველოპერების თქმით, ერთი ასეთი ფრანი საკმარისია პატარა სამშენებლო ობიექტისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად.
ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა მისი მობილურობაა: სისტემის განლაგება და გამოყენება ძნელად მისადგომ ადგილებში სულ რაღაც 24 საათშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ის არ საჭიროებს საძირკვლის ჩასხმას, ჩვეულებრივი ქარის ტურბინებისგან განსხვავებით.