აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში ვიზიტი გააუქმა, ირანთან მოლაპარაკებები ტელეფონით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვითარებაზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა საჭირო ახალი დარტყმების განხორციელება.

„ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. ახლა მათთან მოლაპარაკებები გვაქვს და აღარ დავფრინავთ ყოველ ჯერზე 18 საათის განმავლობაში იმისთვის, რომ უბრალოდ დოკუმენტი ვნახოთ. ახლა ამას ტელეფონით ვაკეთებთ და ეს საკმაოდ მოსახერხებელია – ან მე ვრეკავ, ან ჩემი გუნდი. მე პირადად ყოველთვის მირჩევნია, პირისპირ შეხვედრა, უკეთესად მიმაჩნია. მაგრამ როცა ყოველ შეხვედრაზე 18 საათი უნდა იფრინო და წინასწარ იცი, რას შემოგთავაზებენ – დოკუმენტს, რომელიც არ მოგეწონება – ეს აბსურდულია. მათ გარკვეული პროგრესი აქვთ, მაგრამ საკითხავია – საკმარისად შორს წავლენ თუ არა. ამ ეტაპზე შეთანხმება არ იქნება, თუ არ დათანხმდებიან, რომ ბირთვული იარაღი საერთოდ არ ექნებათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისივე თქმით, ირანის წინაღმდეგ ბლოკადა ძალიან ეფექტურად მუშაობს.

„ბლოკადა გენიალურია, იცით? ის 100%-ით ეფექტურია. ეს აჩვენებს, რამდენად ძლიერია ჩვენი საზღვაო ძალები. ჩვენთან თამაშს ვერავინ დაიწყებს. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალა გვყავს – მისი დიდი ნაწილი ჩემი პირველი ვადის დროს შევქმენი და მას შემდეგაც ვაძლიერებთ. ამას ხედავთ, ვენესუელასთან, რომელსაც კარგი არმია ჰყავს ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა – რეალურად დაახლოებით 48 წუთში. ირანის შემთხვევაშიც იგივეა – სამხედრო თვალსაზრისით, ისინი გავანადგურეთ. მათ აღარ ჰყავთ სამხედრო ძალა, მათი ფლოტი ზღვის ფსკერზეა, საჰაერო ძალები აღარასოდეს იფრენენ. ისინი უბრალოდ უნდა დანებდნენ. თქვან: „ვნებდებით“. მაგრამ მათი ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია – პრაქტიკულად მკვდარია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო წარმოების ობიექტების დაახლოებით 80% განადგურებულია და თუ შეთანხმება არ მიიღწევა, დარჩენილიც სწრაფად განადგურდება.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. რაც შეეხება ირანის ბლოკადას, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ის.

მანამდე ტრამპმა ისრაელის „მე-12 არხს“ განუცხადა, რომ ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანასთან ბირთვული შეთანხმება არ მიიღწევა.

1tv.ge