ტაქსების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ აგლაძემ რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ტაქსის მძღოლების პროტესტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მომსახურების ტარიფის ზრდა მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ზურაბ აგლაძე აღნიშნავს, თუკი ტარიფები გაიზრდება, ეს მოთხოვნას შეამცირებს, რაც ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.
“ტარიფის მომატება არის მოთხოვნაზე დამოკიდებული. თუ მომხმარებელს არ ექნება იმის საშუალება, რომ მომატებული ტარიფით შეიძინოს ეს მომსახურება, რანაირად შეიძლება ხელოვნურად გაიზარდოს მისი ღირებულება. საწვავზე ფასები ხან აიწევს, ხანაც დაიწევს და ყოველ წუთში ამის გამო ხომ არ შეიძლება ტარიფები შეიცვალოს.
მძღოლებს თუ უნდათ, რომ თავიანთი ინტერესები დაიცვან, ამისთვის არსებობს პროფკავშირი. არსებობს სატრანსპორტო პროფკავშირი, გაერთიანდნენ ორგანიზებულად, აირჩიონ ხელმძღვანელობა და წამოაყენონ შესაბამისი მოთხოვნები. ამ ქაოტურ გაფიცვებს, რასაც ვუყურებთ მძღოლების მხრიდან, არ მგონია რაიმე ეფექტი ჰქონდეს, პირიქით, ისევ თავიან თავს დააზარალებენ“.- აცხადებს ტაქსების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ აგლაძე.