ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, გაყინოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდები, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ვითარებისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხის გამო,- ამის შესახებ სლოვაკური მედიასაშუალება „აქტუალიტი წერს.

ევროპარლამენტარებმა 418 ხმით დაუჭირეს მხარი დოკუმენტს, რომელიც ევროკომისიას ოფიციალურად მოუწოდებს, ე.წ. პირობითობის მექანიზმი პირველად გამოიყენოს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან სლოვაკეთის დაფინანსება შეწყვიტოს.

მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ დოკუმენტს მხარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის გამო დაუჭირეს, რომელმაც ქვეყანაში კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა.

დოკუმენტი, რომელიც კენჭისყრაზე გავიდა, მოამზადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა „მწვანეთა ჯგუფიდან“. გავრცელებული ცნობით, დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ევროდეპუტატების მონიტორინგის მისიები ბრატისლავაშიც იმყოფებოდნენ, სადაც ფიცოსაც შეხვდნენ და მისი პოზიცია მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უარესები იყვნენ სლოვაკეთის პრემიერის წინამორბედები.

მართალია ევროპარლამენტმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანხების გაყინვა და დაფინანსების შეჩერება უკვე იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიამ და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, თავად პროცედურა კი შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

პირველი არხი