იაპონიაში ღამის ავტობუსებს სპეციალური დასაკეცი სავარძლებით გამოუშვებენ, რომლებიც საწოლად ტრანსფორმირდება. ამ გზით ტურისტებს საშუალება ექნებათ, ღამით შორ მანძილზე იმოგზაურონ და სასტუმროში ღამისთევის ზედმეტი და ძვირადღირებული ხარჯი თავიდან აიცილონ.

ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

კომპანია Kochi Ekimae Kanko-ს პირველი ასეთი ავტობუსი სატესტო რეჟიმში მარშრუტზე 4 მარტს გავა. ის 24 მგზავრზე იქნება გათვლილი და მათ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან ქვეყნის სამხრეთით მდებარე კოტის პრეფექტურამდე ყოველდღიურ მგზავრობას შესთავაზებს. ტოკიოსა და კოტს შორის მანძილი 700 კილომეტრზე მეტია.

ავტობუსი, სახელწოდებით “Sommeil Profond,” რაც ფრანგულად “ღრმა ძილს” ნიშნავს, 12 ორსართულიანი საწოლით იქნება აღჭურვილი. სატესტო პერიოდში ბილეთი 7,300 იაპონური იენი (48 დოლარი) ეღირება, რის შემდეგაც ფასი 14,000 იენამდე (92 დოლარამდე) გაიზრდება.

გამოცემა წერს, რომ 2024 წელს იაპონიაში ტურიზმის ზრდის ფონზე მოგზაურები სასტუმროების დაჯავშნის სანაცვლოდ ღამის ავტობუსებით სულ უფრო ხშირად სარგებლობენ. მაგალითად, ტოკიოში ბაზირებულ საავტობუსო ოპერატორ Willer Express-ში აცხადებენ, რომ მისი ექსპრესავტობუსების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 5%-ით, 86%-მდე გაიზარდა. ამასთან, კომპანიის მიერ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 60%-ზე მეტმა ღამის ავტობუსებით იმიტომ იმოგზაურა, რომ სასტუმროები მეტად ძვირია.

ამის გათვალისწინებით ოპერატორი მოელის, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ტოკიოში მიმავალი ტურისტებისგან დაფიქსირდება, რომლებიც კონცერტებზე და პოპ-კულტურის სხვა ღონისძიებებზე მიემგზავრებიან. მათ ღამის ავტობუსი საშუალებას მისცემს, სასტუმრო ხარჯი აირიდონ და ღამით ნორმალურად გამოიძინონ.

ცნობისთვის: 2024 წლიდან იაპონია ნამდვილ ტურისტულ ბუმს განიცდის. ამას, ერთი მხრივ, კოვიდშეზღუდვების მოხსნამ, ხოლო მეორე მხრივ, დოლართან მიმართებაში ადგილობრივი ვალუტის მკვეთრმა ვარდნამ შეუწყო ხელი.

www.bpn.ge