ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად იმყოფება, განაცხადა, რომ ადგილზე მდგომარეობა „უკიდურესად არასტაბილურია“.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების ვითარება ძალზე არასტაბილურია. კახოვკას წყალსაცავის დანგრევა კატასტროფა იყო რეგიონისთვის, რამაც ასევე გაამწვავა სიტუაცია ატომურ ელექტროსადგურზე.
ახლა, როგორც არასდროს, ყველა მხარემ უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე და დაიცვას IAEA-ს ძირითად პრინციპები, რომლებიც ბირთვული ავარიების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ვცდილობთ დაზარალებული რეგიონის დახმარებას სხვა გზებით“, - აღნიშნულია IAEA-ის განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გროსის ვიზიტის დროს ტერიტორიაზე ნაღმები არ აღმოჩენილა, თუმცა არსებობს ინფორმაცია სადგურზე და მის მიმდებარედ ნაღმების განთავსების შესახებ.
ამავე ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ატომურმა ელექტროსადგურმა ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურის გამონაბოლქვი არხიდან მიიღო გამაგრილებელი წყალი, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება. სადგური ასევე გეგმავს განაახლოს წყლის ამოტუმბვა, რაც კახოვკას ელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ ჯერ კიდევ შესაძლებელია.
IAEA-ს თანახმად, პოტენციური საფრთხეებში ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ატომური ელექტროსადგური ახლა მხოლოდ ერთადერთი მოქმედი გადამცემი ხაზიდან იღებს ელექტროენერგიას, რომელიც რეაქტორის გაგრილებისთვის და სხვა ბირთვული უსაფრთხოების ფუნქციების შესასრულებლად არის საჭირო.
20 ივნისს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. მისი თქმით, ყველაზე საშიში გაგრილების სისტემის დანაღმვაა. თუ ის გამოირთვება, სერიოზული პრობლემები შეიქმნება.