გრენლანდიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას ღრმა წყლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დროებითი აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაავალა. ამის შესახებ დანიური მედია იუწყება.
შემოთავაზებული აკრძალვა 2029 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, თუმცა მისი მოქმედების ვადის ორი წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.
გრენლანდიის მთავრობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებისთვის წარდგენილ არგუმენტებს. მთავრობაში განაცხადეს, რომ ღრმა წყლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დროებითი აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის 2027 წლის საგაზაფხულო სესიაზე წარადგენს. შესაბამისად, აკრძალვის ძალაში შესვლამდე კანონპროექტმა საკანონმდებლო პროცედურები უნდა გაიაროს და კანონის ძალა შეიძინოს.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) გრენლანდიურმა ფილიალმა გადაწყვეტილება „სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად“ შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, ღრმა წყლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებამ შესაძლოა, ზღვის ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება დააზიანოს.
ცნობისთვის, გრენლანდიის პარლამენტში კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებიდან მეორე დღეს გაიმართა. ტრამპის თქმით, გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვა იწყება. მოგვიანებით, გრენლანდიის მთავრობამ ეს განცხადება უარყო. აღსანიშნავია, რომ ტრამპს ღრმა წყლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება არ უხსენებია.
მანამდე აშშ-მა, გრენლანდიამ და დანიამ უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმება გააფორმეს. მისი მიზანია კუნძულზე აშშ-ის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ყოფნის გაძლიერება.