გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს დამატებით ტარიფებს დაუწესებს, ვიდრე შეერთებულ შტატებს გრენლანდიის შეძენის ნებართვა არ მიეცემა. აღნიშნულმა განცხადებამ აქციების ვარდნა და დოლარის შესუსტება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი  ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, 1 თებერვლიდან დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის პროდუქციაზე 10%-იანი იმპორტის ტარიფი დაწესდება, რომელიც 1 ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა ეს განცხადება შანტაჟად შეაფასეს, ხოლო საფრანგეთმა უპრეცედენტო ეკონომიკური საპასუხო ზომების განხილვა დაიწყო.

ვალუტის ბაზრებზე დოლარის მიმართ ნეგატიურმა განწყობამ იმატა. ევრო 0.26%-ით გამყარდა და 1.1628 დოლარს მიაღწია, ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს ჩამოსცდა. ინვესტორებმა დოლარის გაყიდვა დაიწყეს, რამაც სხვა ძირითადი ვალუტების გამყარება გამოიწვია.

ევროპის საფონდო ბაზრებზე EUROSTOXX 50-ისა და DAX-ის ფიუჩერსები 1.1%-ით დაეცა, ხოლო იაპონიის Nikkei ინდექსმა 1%-იანი კლება აჩვენა.

„იმედი, რომ ტარიფების საკითხი წელს დამშვიდდებოდა, ახლა გაქრა — ისევ შარშანდელი გაზაფხულის სცენარს ვუბრუნდებით,“ — განაცხადა ბანკ Berenberg-ის მთავარმა ეკონომისტმა ჰოლგერ შმიდინგმა.

ტრამპის „თავისუფლების დღის“ ტარიფებმა უკვე 2025 წლის აპრილში ბაზრებზე გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ინვესტორები აშშ-ის სავაჭრო მუქარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ — ტრამპის მიერ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების ფონზე — მიმდინარე განცხადებებმა ბაზრებზე დაძაბულობა კვლავ გაამწვავა.

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები აზიურ სესიაზე 0.7%-ით დაეცა. დოლარის სისუსტის ფონზე გამყარდა იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი, ხოლო ბიტკოინის ფასი თითქმის 3%-ით დაეცა და 92,602 დოლარს ჩამოსცდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები ევროპას ემუქრება, რეალურად ყველაზე დიდ დარტყმას დოლარი იღებს, რადგან ბაზრები აშშ დოლარზე პოლიტიკური რისკის პრემიის ზრდას აფასებენ,“ — განაცხადა ANZ-ის აზიის კვლევების ხელმძღვანელმა ხუნ გოჰმა.

Capital Economics-ის შეფასებით, აშშ-ის ტარიფებისგან ყველაზე მეტად ბრიტანეთი და გერმანია დაზარალდებიან. 10%-იანმა ტარიფებმა შესაძლოა მათი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0.1%-ით შეამციროს, ხოლო 25%-იანმა — 0.2–0.3%-ით.

მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ევროპული აქციები კვლავ რეკორდულ ნიშნულებთან ახლოს რჩება. გერმანიის DAX და ლონდონის FTSE ინდექსები იანვარში 3%-ზე მეტით გაიზარდა და აშშ-ის S&P 500-ს აჯობა, რომელმაც მხოლოდ 1.3%-იანი ზრდა აჩვენა.

„აშშ–ევროკავშირის სავაჭრო ომი კვლავ დაიწყო,“ — განაცხადა გეოპოლიტიკურმა სტრატეგისტმა ტინა ფორდჰემმა.

უსაფრთხო თავშესაფრად მიჩნეული აქტივების მიმართ ინტერესის ზრდის ფონზე, ოქროს ფასი ორშაბათს 1%-ზე მეტით გაიზარდა. იანვარში ოქრო თითქმის 8%-ით არის გაძვირებული, მას შემდეგ რაც გასულ წელს 64%-იანი ზრდა აჩვენა.

ამასთან, World Economic Forum-ის ყოველწლიურმა გამოკითხვამ, რომელიც დავოსის ფორუმის წინ გამოქვეყნდა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაპირისპირება მთავარ გლობალურ საფრთხედ დაასახელა, რითაც შეიარაღებული კონფლიქტები მეორე ადგილზე გადავიდა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი