გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში თანამშრომლები 24 საათით გაიფიცნენ.

თანამშრომლების პროტესტის გამო შეფერხებულია ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, კიოლნი/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგისა და სხვა აეროპორტების მუშაობა. გაფიცვაში მონაწილეობენ საჯარო სამსახურების თანამშრომლები, სახმელეთო პერსონალი და საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლები.

პროფკავშირი Verdi სექტორის დასაქმებულისთვის ხელფასების ზრდას ითხოვს.

გაფიცვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დამსაქმებელთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირი სამუშაო ანაზღაურების 8%-ით გაზრდას, უფრო მაღალ ბონუსებსა და დამატებით დასვენების სამ დღეს ითხოვს.

როგორც მოსალოდნელია, გაფიცვის გამო გაუქმდება 3 400-ზე მეტი ავიარეისი, რაც 510 ათას მგზავრს შეეხება.

გერმანიის აეროპორტებში დაგეგმილ მასშტაბურ გაფიცვამდე ერთი დღით ადრე მოულოდნელი გაფიცვა გამოაცხადეს ჰამბურგის აეროპორტის თანამშრომლებმა.

1tv.ge