2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო დეპოზიტარმა Euroclear-მა, დაბლოკილ რუსულ აქტივებში ინვესტიციიდან, 734 მლნ ევრო საპროცენტო შემოსავლის სახით მიიღო. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.
2022 წლის პირველი ნახევრისთვის ეს მაჩვენებელი 110 მლნ ევრო იყო, 2022 წლის ბოლოსთვის კი- 821 მლნ ევრო იყო.
Euroclear-ის დირექტორთა საბჭო დაბლოკილი სახსრების მიმდინარე, თუმცა უფრო ნელი დაგროვების ფონზე, საპროცენტო შემოსავლის შემდგომ ზრდას ელის.
Euroclear ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროკომისია გაყინული რუსული რესურსებიდან საინვესტიციო შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად პოტენციური გამოყენების ანალიზს აწარმოებს, თუმცა დეპოზიტარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრე გამოცხადებული პოზიცია: Euroclear არ გაანაწილებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან, სანამ სიტუაცია უფრო გარკვეული გახდება.
ევროპული ცენტრალური დეპოზიტარების Euroclear-ის და Clearstream-ისა და რუსეთის ცენტრალურ დეპოზიტარ НРД-ს (Национальный расчетный депозитарий, რომელიც მოსკოვის ბირჟის ჯგუფის ნაწილია) ურთიერთობა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე შეწყდა.
ევროკავშირმა НРД სანქციების სიაში შეიყვანა 2022 წლის ივნისის დასაწყისში, რამაც გამოიწვია მისი ანგარიშების დაბლოკვა Euroclear-თან და Clearstream-თან. მთლიანობაში, ნოემბრის ბოლოს, რუსეთის ბანკის მონაცემებით, დაახლოებით 5,7 ტრილიონი რუბლის ღირებულების აქტივები დაბლოკილია.