საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები წამყვანი საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებენ. ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლები სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდება, მათ შორის: Instagram, YouTube, Thomas Cook, Tripoto, Thrillophilia და სხვა.
ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„ინდოეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსხვილ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. წლის დასაწყისიდან ინდოეთის რამდენიმე ქალაქში ჩავატარეთ ღონისძიებები, მიმდინარეობს კამპანიები როგორც ციფრულ, ასევე ტრადიციულ მედიაში. ამჟამად საქართველოში ვმასპინძლობთ ჯგუფს, რომელიც ამზადებს ვიდეორგოლებს და ფოტომასალას, რათა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ახალი ტურისტული დანიშნულების, პოპულარიზაცია მოხდეს ინდოეთში,“ – განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურის ფარგლებში 7-კაციანი ჯგუფი თბილისში გადაიღებს ნარიყალასა და მთაწმინდას, კახეთში - ნაფარეულს, ყვარელს, მარნებს და ქვევრის მუზეუმს. ტურის მონაწილეები ეწვევიანმცხეთა-მთიანეთს, გადაიღებენ გერგეტის სამებას, სტეფანწმინდასა და გუდაურს, ქვემო ქართლში კი - დაშბაშის კანიონს; იმერეთში - ქუთაისსა და წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს; სამეგრელოში - მარტვილის კანიონს; სვანეთში - უშგულსა და მესტიას; ხოლო აჭარაში - ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.
„დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობისთვის. არ ვიცოდი, თუ როგორი ლამაზია თქვენი ქვეყანა. საქართველოში ვაპირებ მეგობრებთან ერთად მოგზაურობას. მინდა, ჩემმა მშობლებმაც მოინახულონ საქართველო. ძალიან მომეწონა ქართული სამზარეულო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა, რაც კი ოდესმე მინახავს - მთები, ზღვა, მინდვრები - აქ ყველაფერი ერთიანადაა წარმოდგენილი. გამოვარჩევდი ხალხს და საოცარ სტუმართმოყვარეობას. ჩვენ ინდოეთში ვამბობთ: Atithi Devo Bhava -სტუმარი ღმერთია, თქვენ კი ამბობთ: სტუმარი ღვთისაა. ეს კულტურული მსგავსებაა, რაც ორ ქვეყანას აერთიანებს,“ – ამბობს ტურის მონაწილე აბიჯიტ სინგი.
ვიდეოკლიპში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ბუნება, სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები, ქართული სამზარეულო და ღვინო.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.