„ქაოტური „ბიზნესი“, რომელიც არაკანონიერია, არ ტოვებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ტურისტებში,“ - საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც ტურისტები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აწყდებიან.
„გაუთავებელი საცობებია თბილისსა და ბათუმში, ასევე ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, კერძოდ გუდაურში. არ შეიძლება, არ აღინიშნოს კახეთი. საბოლოოდ, საკმაოდ ძვირი პროდუქტები, საცობში გატარებული დიდი დრო ნიშნავს იმას, რომ უკან დაბრუნებული ტურისტი კარგი უკუკავშირით აღარ ბრუნდება და თავის გარშემო მინიმუმ 2-3 ადამიანს ურჩევს, რომ აქ არ ჩამოვიდეს.
როდესაც საქართველოში ჩამოდის ტურისტი, მას მოგზაურობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება მას აქვს დაგროვილი ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურა საკმაოდ გამართულია და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ტურისტებს სჭირდებათ.
ჩვენ ვალდებული ვართ, ვუსმინოთ მათ პრეტენზიას და გავაანალიზოთ, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი, რადგან ერთი შეხედვით წვრილი და უმნიშვნელო პრობლემები ქმნის დიდ პრობლემებს და საბოლოოდ თბილისს, ბათუმს, არამეგობრულ ქალაქებად მოიხსენიებენ,“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მან ჩამოთვალა რეგიონები, სადაც ინფრასტრუქტურის პრობლემა შედარებით მწვავედ დგას:
„რეგიონები, სადაც ინფრასტრუქტურა საკმაოდ დიდი და გადაულახავი პრობლემაა, არის: ბათუმი, სადაც ორი წელია გადათხრილია ქალაქის შესასვლელი, ასევე სვანეთის მიმართულება, სადაც გზის რემონტი ხელს უშლის ტურისტს გადაადგილებაში. ასევე მაღალმთიან ადგილებში, გარკვეულ ლოკაციებზე ტურისტი იძულებულია, საკუთარი ავტომობილი დატოვოს და ადგილობრივი ტრანსპორტით ისარგებლოს კონკრეტულ მონაკვეთამდე მისასვლელად. გაითვალისწინეთ, რომ არავინ იცის იმ ტრანსპორტის უსაფრთხოების მდგომარეობა, ტარიფები და ა.შ. ეს ქაოტური „ბიზნესი“, რომელიც არაკანონიერია და ძალდატანებით ხდება, არ ტოვებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ტურისტებში,“ - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.
მისივე თქმით, აუცილებელია მეზობელი თურქეთის გამოცდილების გაზიარება, სადაც ტურიზმი მაღალ საფეხურზეა და მთავრობაც, ადგილობრივი მოსახლეობაც და დამსვენებლებიც კმაყოფილები არიან.
„ამ ყველაფრის გამოსწორების მონახაზი ჩვენ გვაქვს. საკმაოდ კარგი გამოცდილებაა თურქეთში - მთავარ კონკურენტ კურორტზე, სადაც მსგავსი პრობლემები ისე მოგვარდა, რომ მოგებულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელმაც შეძლო და დაიკავა სამუშაო ადგილები, ასევე მოგებულია სახელმწიფო და ვიზიტორებიც. კარგი იქნება, სახელმწიფო გარკვეული ტიპის მონიტორინგს გააკეთებდეს ამ საკითხში და ადგილობრივების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდებოდეს ამ პრობლემების მოგვარება,“ - განაცხადა მან.