ევროკავშირის საბჭომ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო, რომელიც მკაცრად ურტყამს რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და სამხედრო სექტორებს, ასევე ევროკავშირთან ვაჭრობას და უზრუნველყოფს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ომის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასანქციო სია მოიცავს 14 ფიზიკურ და 41 იურიდიულ პირს.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. საბჭო შეთანხმდა სიაზე, რომელიც შედგება 55 პირისგან - 14 ფიზიკური და 41 იურიდიული პირისგან - რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან ძირის გამომთხრელი ქმედებებისთვის“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროკავშირის ინფორმაციით, დღევანდელი პაკეტით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას სხვადასხვა ზომების მეშვეობით ახდენს. კერძოდ, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვარს 60 აშშ დოლარიდან 47.6 აშშ დოლარამდე ამცირებს.
ევროკავშირი ასევე დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს. კერძოდ, კიდევ 105 გემს პორტში შესვლა და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ფართო სპექტრის მომსახურების მიწოდება ეკრძალება, რაც სიაში შემავალი გემების საერთო რაოდენობას 444-მდე ზრდის.
„ეს ზომა მიმართულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ტანკერების მიმართ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გვერდს უვლიან ნავთობის ფასების ზედა ზღვარს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო აღჭურვილობა რუსეთისთვის ან მოპარული უკრაინული მარცვლეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული და ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან შეტანილი რაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე - კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის გარდა რითაც ხელს უშლის რუსული ნედლი ნავთობის ევროკავშირის ბაზარზე „უკანა კარიდან“ მოხვედრას.
„ევროკავშირი ასევე აწესებს სრულ ტრანზაქციულ აკრძალვას „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, მათ შორის საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე, რითაც ხელს უშლის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენების დასრულებას, მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას და მომავალში მათ გამოყენებას. საბჭომ გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთიდან ჩეხეთში ნავთობის იმპორტის გამონაკლისი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირი ბლოკის ტერიტორიაზე დაფუძნებული სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების არსებულ აკრძალვას გარკვეული რუსული ბანკებისთვის სრულ ტრანზაქციულ აკრძალვამდე ამკაცრებს. აკრძალვა კიდევ 22 რუსულ ბანკს შეეხება, იმ 23 ბანკის გარდა, რომლებისთვისაც ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს.
გარდა ამისა, აკრძალვა წესდება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან (RDIF) და მის ქვე-ფონდებთან და კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებაზე და საბჭომ შეიმუშავა ინსტრუმენტი, რათა გაავრცელოს ასეთი აკრძალვა გარკვეულ კომპანიებზე, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია განახორციელა და იმ სუბიექტებზე, რომლებიც თავად RDIF-ს აწვდიან საინვესტიციო მომსახურებას ან სხვა ფინანსურ მომსახურებას.
გარდა ამისა, ევროკავშირი შეთანხმდა 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტზე შემდგომი აკრძალვების დაწესებაზე. იმ პროდუქტების სიაში, რომელსაც რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში წვლილი შეაქვს შევა რუსეთის სამხედრო სისტემების შემუშავებისა და წარმოების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კომპიუტერული რიცხვითი კონტროლის (CNC) მანქანები და საწვავის შემადგენელი ქიმიკატები. გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიის გავლით არსებული ტრანზიტის აკრძალვა გაფართოვდა და მოიცავს მშენებლობისა და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ეკონომიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს.
საბჭო სანქციებს უწესებს კიდევ ერთ პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების „სამხედრო განათლებაში“. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამით უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული სიების საერთო რაოდენობა 90-ს გადააჭარბებს.