G7-ის ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის გამკაცრებას განიხილავს, რომ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა უკეთესად შეეზღუდოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

შესაძლო ვარიანტები რუსული ნავთობის გადამუშავების სრულ აკრძალვას ან ზღვრული ფასის 60-იდან, დაახლოებით, 40 დოლარამდე დაწევას მოიცავს. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და დისკუსიები მიმდინარეობს.

მოქმედი წესებით, დასავლურ კომპანიებს რუსული ნავთობის დაზღვევა და ტრანსპორტირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ის დაწესებულ ლიმიტზე დაბალ ფასში არის შეძენილი. ამასთან, აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იმპორტის უმეტეს ნაწილზე ემბარგო დააწესა.

საპასუხოდ რუსეთი ტანკერების ჩრდილოვან ფლოტს ხშირად უცნობი მზღვეველებით ან მფლობელებით იყენებს, რომ ნავთობი, განსაკუთრებით, აზიის ახალ ბაზრებს მიაწოდოს. ჩრდილოვანმა ფლოტმა მოსკოვს საშუალება მისცა, შეზღუდვები აეცილებინა, რადგან მისი ნავთობი წლის უმეტეს პერიოდში ზღვრულზე მაღალ ფასში იყიდებოდა.

ამის საპასუხოდ G7-ის ქვეყნებმა სანქციები ათობით გემისა და კომპანიის წინააღმდეგ დააწესეს, რომლებიც ჩრდილოვან ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ასევე, ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლის წყლებსაც რუსული ტანკერები გადიან, ამ გემებისთვის სადაზღვევო შემოწმება გაამკაცრა.

ცნობისთვის: ბარელ რუსულ ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვრული ფასი და ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვა ძალაში 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა.

bpn.ge