„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, საწვავისა და შესაფუთი მასალების გაძვირების მიუხედავად, საქართველოს ბაზარზე კვერცხისა და ქათმის ხორცის ფასები ახალ წლამდე სტაბილური დარჩება.

როგორც უჩუმბეგაშვილი BMG-სთან განმარტავს, წლის დასაწყისში, სექტორში პროდუქციის გაძვირების მყარი წინაპირობა არსებობდა, თუმცა შემდგომში, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა.

„წლის დასაწყისში ჩვენ მყარად გქონდა გადაწყვეტილი ფასების ზრდა და რამდენიმე ფაბრიკამ გააძვირა კიდეც პროდუქცია. შემდეგ წამოვიდა დაპირებები, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ დროებით შეგვეკავებინა თავი გაძვირებისგან. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაძვირებულია საწვავი და რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა შეფუთვის მასალების ღირებულება, ზოგი ჭირი მარგებელიაო - რუსეთის ომიდან გამომდინარე, რუსული ფორმალის [საკვები ნედლეული] ფასი ფაქტობრივად, განახევრდა. შარშანდელთან შედარებით, წელს მის ნახევარს ვიხდით“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მეფრინველეობის პროდუქციის თვითღირებულებაში ყველაზე დიდ წილს - 70%-ს სწორედ ფრინველის კვებისა და საკვების ხარჯები შეადგენს. შესაბამისად, მარცვლეულის გაიაფება სექტორისთვის უდიდესი შეღავათია.

„წარმოიდგინეთ, რამხელა შვებაა მეწარმისთვის, როცა 65-70%-იან თვითღირებულების შემადგენელ კომპონენტში ძირითადი ნაწილი - მარცვლეული სადღაც 40-50%-ით იაფდება. ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დღესდღეობით, ვიყოთ მშვიდად, ამიტომ ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.

მისივე განმარტებით, ფასების სტაბილურობას ასევე, ხელს უწყობს საქართველოში სიმინდის უხვი მოსავალი და რეგიონში შეცვლილი ექსპორტის დინამიკა.

„წელს საქართველოში ძალიან კარგი სიმინდის მოსავალია. სიმინდი საკმაოდ სერიოზული რაოდენობით ადრე, ირანში გადიოდა, თუმცა, განვითარებული მოვლენებისა და საომარი მოქმედებების გამო, ირანის მხრიდან მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, სიმინდის მარაგი თითქმის მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე რჩება. მარცვლეულის ასეთი ფასი მოგვცემს საშუალებას, რომ ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე მაინც ფასები არ დავაკორექტიროთ“ - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს სექტორზე მთავრობის გეგმა ხორბლისა და მარცვლეულის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ, უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი ნედლეულის პირდაპირ გაძვირებას ნიშნავს, თუმცა, ფაბრიკების უმეტესობას საკმარისი რეზერვი გააჩნია.

„ეს პირდაპირ გაძვირებას ნიშნავს, თუმცა ძალიან ბევრ ფაბრიკას უკვე გაკეთებული აქვს მარცვლეულის საკმაოდ დიდი მარაგი. ვიცოდით, რომ ეს არარეალურად იაფი ფასი ყოველთვის ვერ გაგრძელდებოდა - საბანკო სესხები დავიმატეთ, რესურსები მოვიძიეთ და მარაგები შევავსეთ. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ დიდი რაოდენობით გაუყიდველი მარცვლეულია დარჩენილი. ასე რომ, გადასახადი გავლენას რა თქმა უნდა, იქონიებს, მაგრამ კატასტროფას არ გამოიწვევს. მთავარია, ლარის კურსი იყოს მყარად“, - აცხადებს „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე.

წყარო: bm.ge