G7-ის ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს მსჯელობა რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

ეს რადიკალურად შეცვლის მოქმედ სანქციების წესრიგს: ახლა რუსეთში ნებისმიერი ექსპორტი დასაშვებად ითვლება, თუ მის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ თუ ზომები მიიღება, სიტუაცია შეიცვლება - აიკრძალება ყველა საქონლის მიწოდება, გარდა იმ კატეგორიებისა, რომელთა ექსპორტი დაშვებული იქნება. კონკრეტულად რისი გატანა იქნება შესაძლებელი რუსეთში, ჯერ კიდევ შესათანხმებელია. სავარაუდოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის საქონელი, მათ შორის საკვები და მედიკამენტები, განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

თითქმის სრული ემბარგოს დაწესება ექსპორტზე ნიშნავს, რომ რუსეთში საქონლის ამჟამინდელი ნაკადის დიდი ნაწილი შეწყდება, აღნიშნავს Bloomberg-ი.

სააგენტო მიუთითებს, რომ მსგავსი შეზღუდვების შემოღებას მნიშვნელოვანი დაბრკოლებები აქვს. კერძოდ, იმისთვის, რომ ისინი ევროკავშირმა მიიღოს, მას 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს და ევროკავშირში სანქციებზე შეთანხმების პროცესი ადრეც ხანგრძლივი და რთული იყო. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიება გამოიწვევს უარყოფით რეაქციას კომპანიების მხრიდან, რომლებიც ამჟამად აწვდიან რუსეთს საქონელს და შესაძლოა მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომები მოჰყვეს. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს რუსეთისა და ჩინეთის შემდგომი დაახლოება.

უკვე არსებული სანქციების გამო, რუსეთში ექსპორტი ევროკავშირიდან და G7-ის ქვეყნებიდან თითქმის განახევრდა და $66 მილიარდით შემცირდა, წერს Bloomberg Trade Data Monitor-ის მონაცემებზე დაყრდნობით. შეზღუდვები ვრცელდება პროდუქციის ბევრ ჯგუფზე, ელექტრონიკიდან დაწყებული - ფუფუნების ნივთებამდე. 66 მილიარდი დოლარი ძალიან ბევრია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო.