შვედეთში ფსიქოთერაპიის ახალი ფორმატი პოპულარული ხდება — სესიები უკვე ბარებშიც ტარდება. პროექტის იდეა ისაა, რომ ადამიანებს სპეციალისტთან პირველი მისვლა უფრო გაუადვილდეთ და დახმარების მიღება ნაკლებად სტრესული იყოს.

სტოკჰოლმში კონსულტაციები არა კლინიკებში, არამედ ჩვეულებრივ ბარებში იმართება. ინიციატორების თქმით, არაფორმალურ გარემოში ადამიანები უფრო მარტივად დუნდებიან, სწრაფად იხსნებიან და თავს „პაციენტებად“ არ გრძნობენ.

პროექტის სახელია „თერაპია ბარში“. მისი მიზანია, ფსიქოლოგიური დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და საზოგადოებაში შემცირდეს სტიგმა, თითქოს ფსიქოლოგთან მხოლოდ მძიმე პრობლემების დროს უნდა მიხვიდე.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ბარში ტარდება, სესიების დროს ალკოჰოლი აკრძალულია. როგორც წესი, მონაწილეები ყავას, ჩაის ან წყალს უკვეთავენ.

პროექტის ნაწილი არიან ბარების თანამშრომლებიც. მათ სპეციალურ გადამზადებას უტარებენ, რათა შეძლონ კრიზისში მყოფი ადამიანის ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალ კონსულტანტთან გადამისამართება.

იდეას კრიტიკოსებიც ჰყავს. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხმაურიან გარემოში კონფიდენციალურობა რთულად დასაცავია და სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა ასეთ სივრცეში ეფექტიანი ვერ იქნება.

თუმცა პროექტის მზარდი პოპულარობა აჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს დახმარება სწორედ სწრაფად, მარტივად და სტრესის გარეშე სჭირდება.

ცნობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ბაზარზე იზრდება მოთხოვნა დაბალბიუჯეტიან, ჯგუფურ და არატრადიციულ სერვისებზე. თუ შედეგიანობა დადასტურდება, მსგავსი მოდელები შეიძლება გახდეს კერძო კლინიკებისა და ველნეს ინდუსტრიის ახალი შემოსავლის წყარო.

ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცილის თერაპია შფოთვის შემცირების ეფექტიანი საშუალებაა. Spain ესპანეთის ხაენის უნივერსიტეტის მკვლევართა მეტაანალიზის მიხედვით, სიცილი ამცირებს ნეგატიურ ემოციებს, აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს საკუთარი ცხოვრების კონტროლის განცდას უბრუნებს.

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 1000 ადამიანი შფოთვითი აშლილობით, რომლებიც სიცილის თერაპიას გადიოდნენ, ხოლო მსგავსი რაოდენობის მეორე ჯგუფი ან ჩვეულებრივ ფსიქოთერაპიას იღებდა, ან საერთოდ არ მონაწილეობდა მსგავს სესიებში. შედეგებმა აჩვენა, რომ სიცილის თერაპიის ჯგუფში პროგრესი მნიშვნელოვნად უკეთესი იყო.

მკვლევართა შეფასებით, ყველაზე ეფექტიანი ფორმატები აღმოჩნდა სიცილის იოგა და ზოგადად სიცილზე დაფუძნებული თერაპიული სესიები, ხოლო ნაკლები შედეგი ჰქონდა მხოლოდ იუმორისტული ჩანაწერების მოსმენას.