40 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან: 5 მთავარი რამ ამ ტრაგედიის შესახებ

კვირას, 26 აპრილს, უკრაინა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების 40 წლისთავს აღნიშნავს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მძიმე სამოქალაქო ბირთვული კატასტროფაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სადგური კვლავ საფრთხის ქვეშ მოექცა და ახალი რადიოაქტიური კატასტროფის რისკი წარმოიშვა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ 40 წლის წინანდელი კატასტროფისა და სადგურის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ 5 მთავარ ფაქტს აუწყებს მკითხველს.

აფეთქება

1986 წლის 26 აპრილს, 01:23 საათზე, უსაფრთხოების წესების შემოწმების დროს დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორში აფეთქება გამოიწვია. აფეთქებამ შენობის შიდა ნაწილი დაშალა და ატმოსფეროში რადიოაქტიური კვამლის ნაკადი გატყორცნა; ბირთვული საწვავი 10 დღეზე მეტხანს იწვოდა. რადიოაქტიური გაჟონვის შესაკავებლად, ვერტმფრენებიდან ათასობით ტონა ქვიშა, თიხა და ტყვია ჩამოყარეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადგინა, რომ კატასტროფის მთავარი მიზეზი იყო „რეაქტორის კონსტრუქციისა და გამორთვის სისტემის სერიოზული ხარვეზები“, რასაც ექსპლუატაციის წესების დარღვევაც დაერთო.

რადიოაქტიური ღრუბელი

მომდევნო დღეებში რადიოაქტიურმა ღრუბელმა მძიმედ დააბინძურა უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი, სანამ მთელ ევროპაში გავრცელდებოდა. პირველი საჯარო გაფრთხილება მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 28 აპრილს მოჰყვა, როდესაც შვედეთმა თავის ტერიტორიაზე რადიაციის დონის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (სააე) ავარიის შესახებ ოფიციალურად 30 აპრილს შეატყობინეს, მაგრამ საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ეს საჯაროდ 14 მაისამდე არ აღიარა. ვარაუდობენ, რომ რადიაციის ზემოქმედების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის შეფასებები განსხვავებულია.

მომდევნო დღეებში, რადიოაქტიურმა ღრუბელმა ძლიერ დააბინძურა უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი, რის შემდეგაც ის მთელ ევროპაში გავრცელდა. პირველი განგაში საჯაროდ მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 28 აპრილს გამოცხადდა, როდესაც შვედეთმა თავის ტერიტორიაზე რადიაციის დონის მკვეთრი მატება დააფიქსირა. საბჭოთა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა მომხდარი ოფიციალურად მხოლოდ 14 მაისს აღიარა. ვარაუდობენ, რომ რადიაციის ზემოქმედებით, ათასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა მონაცემები განსხვავებულია. გაერო-ს 2005 წლის ანგარიშის მიხედვით, სამ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში დაღუპულთა და სასიკვდილოდ განწირულთა რაოდენობა 4 000-ს შეადგენს, 2006 წელს კი „გრინპისმა“ განაცხადა, რომ კატასტროფას 100 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს მონაცემებით, ლიკვიდაციის პროცესში ჩართული 600 000 ადამიანი რადიაციის მაღალი დონის ზემოქმედების ქვეშ მოექცა. კატასტროფამ საზოგადოებაში ბირთვული ენერგიის მიმართ შიში წარმოშვა, რამაც ევროპის მასშტაბით ანტიბირთვული მოძრაობების ზრდას შეუწყო ხელი.

რუსეთის ოკუპაცია

რუსულმა ძალებმა ელექტროსადგური 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველსავე დღეს დაიკავეს. მათ სადგური ბრძოლის გარეშე ჩაიგდეს ხელში მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში ათიათასობით ჯარისკაცი და ასობით ტანკი შევიდა. რუსმა ჯარისკაცებმა სანგრები გათხარეს ე.წ. „წითელ ტყეში“, რომელმაც ეს სახელი მას შემდეგ მიიღო, რაც ხეებმა რადიაციისგან ფერი იცვალეს. ოკუპაციამ წარმოშვა საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია ახალ კატასტროფულ ბირთვულ შედეგებს გამოიწვევდა.

რუსეთის არმია ამ ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ თვეში გავიდა, რაც კიევის შემოგარენიდან განხორციელებული უკანდახევის ფარგლებში მოხდა.

ახალი საფრთხეები

სადგურის ბირთვული ნარჩენები დაფარულია ფოლადისა და ბეტონის შიდა კონსტრუქციით, რომელიც 1986 წელს სასწრაფო წესით გაკეთდა და „სარკოფაგის“ სახელით არის ცნობილი. 2016-2017 წლებში დამონტაჟდა უფრო მაღალტექნოლოგიური გარე გარსი — „უსაფრთხოების ახალი კონფაინმენტი“ (NSC), რომელსაც, მართალია, „სარკოფაგი“ უნდა შეეცვალა, მაგრამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის საშუალებად მაინც არ მიიჩნეოდა. თუმცა, 2025 წლის თებერვალში ეს მასიური ლითონის სტრუქტურა რუსულმა დრონმა დააზიანა (გახვრიტა), რის გამოც მან რადიაციის შეკავების უნარი დაკარგა. აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში „გრინპისმა“ აღნიშნა, რომ ვინაიდან გარე გარსის შეკეთება ამჟამად შეუძლებელია, არსებობს რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე.

სარემონტო სამუშაოებს, სავარაუდოდ, 3-4 წელი დასჭირდება. 2025 წლის დეკემბერში, სადგურის დირექტორმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის კიდევ ერთმა დარტყმამ, შესაძლოა, რადიაციული საფარის განადგურება გამოიწვიოს.

ექსკლუზიური ზონა

სადგურის ირგვლივ არსებული ტერიტორია - მიტოვებული ქალაქები, მინდვრები და ტყეები - ექსკლუზიურ ზონად არის ქცეული. უკრაინის ჩრდილოეთით, ჯამში, 2 200 კვადრატული კილომეტრი, ბელარუსის სამხრეთით კი 2 600 კვადრატული კილომეტრი საცხოვრებლად, ფაქტობრივად, უვარგისია. IAEA-ს განცხადებით, ადამიანები აქ უსაფრთხოდ ცხოვრებას მომდევნო 24 000 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

სადგურიდან სამ კილომეტრში მდებარე ქალაქ პრიპიატი, სადაც 1986 წელს 48 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად გაუკაცრიელდა. ის დღემდე მიტოვებულია და მისი ცარიელი, დაზიანებული შენობები, ჟანგიანი ატრაქციონების პარკისა და ეშმაკის ბორბლის ჩათვლით, პოსტ-აპოკალიფსურ „მოჩვენებათა ქალაქს“ მოგვაგონებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აქ ექსკურსიით ჩამოსვლა შეიძლებოდა, მაგრამ უკვე თითქმის სამი წელია, ტერიტორია ტურისტებისთვის დაკეტილია. ადამიანების არყოფნის გამო, ტერიტორია ფაქტობრივად ვრცელ ბუნებრივ ნაკრძალად გადაიქცა, სადაც 1998 წელს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი პრჟევალსკის ცხენის რეპოპულაცია მოხდა.

წყარო: 1 არხი