უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ "ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს" თავიანთი თანხა საზღვარგარეთ გააქვთ. მან სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ.

"ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდ თანხას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქეყნებში რიცხავენ.

მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე, დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია შეაჩერა. ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაყინონ მოპარული ფული.

სამართალდამცველ უწყებებსა და ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დააკავონ დამნაშავეები, რომლებიც ათასობით მილიარდი ფორინტის ზიანს აყენებენ უნგრელ ხალხს და მათ არ მისცენ იმის საშუალება, რომ გაფრინდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც პარტია Tisza-ს მთავრობის ჩამოყალიბებამდე მათი ექსტრადაცია არ მოხდება.

ასევე ვიცი, რომ ორბანის მაფიოზებმა ტელეკომპანია TV2-სა და სხვა მედიების დაბალ ფასად გაყიდვა დაიწყეს - ასევე, როგანის სიძულვილის პროპაგანდის მთავარი წყაროს, კომპანია Lounge Event Kft-ის გაყიდვაც.

ადგილობრივ და უცხოელ პატიოსან ინვესტორებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მაფიის აქტივების მიღებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უნგრეთის ეროვნული აქტივების აღდგენისა და დაცვის ოფისის წინაშე აღმოჩნდნენ.

ასევე, ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე ოლიგარქის ოჯახი უკვე წავიდა - მესაროშის ოჯახიც დუბაიში მიფრინავს. რამდენიმე გავლენიანი ოლიგარქის ოჯახმა შვილები სკოლიდან გამოიყვანა და წასასვლელად საიმედო დაცვას აორგანიზებენ". - ამბობს მადიარი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

tabula.ge