საქართველოში ბუნებრივი აირის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან 2026 წელს იწურება 20-წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა აზერბაიჯანული წარმოშობის 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასად იღებდა. საუბარია 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 70-75 აშშ დოლარის ფასზე.

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის შეფასებით, მიამიტური მოლოდინი იქნება, რომ საქართველოს იგივე პირობებით გაზის მიწოდებას ვინმე „ხათრით“ გაუგრძელებს. მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში უფასოდ და ინტერესების გარეშე არაფერი ხდება, ამიტომ ქვეყანა მოლაპარაკებებს პროფესიონალურად და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიუდგეს.

მარგველაშვილის აზრით, თუ საქართველო იმავე მოცულობის გაზის მიღებას გააგრძელებს, ქვეყანას სავარაუდოდ, დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარით მეტი ექნება გადასახდელი. მისი განმარტებით, აზერბაიჯანს დღეს შეუძლია გაზი ბევრად უფრო ძვირად გაყიდოს ევროპაში, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც უკვე აქვს ხელშეკრულებები.

ენერგეტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ამ ვითარებაში რუსეთის გაზი ფასით უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს, თუმცა მისივე შეფასებით, ეს სერიოზულ რისკს ქმნის. მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ რუსეთი რამეს იაფად იძლევა, ამას პოლიტიკური ან სტრატეგიული ფასი ახლავს და მოსკოვი სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას იღებს.

მისი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში უფრო აქტიურად დაბრუნდეს და ქვეყანა ისევ „გაზპრომზე“ დამოკიდებულების რისკის წინაშე აღმოჩნდეს. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების არასათანადო მართვაა — ქვეყანაში არ მიმდინარეობს მუდმივი პროფესიული ანალიზი, რომელიც გადაწყვეტილებებში უნდა აისახოს.

ენერგეტიკოსი ასევე აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ იმპორტირებული გაზით წარმოებული ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი მაინინგსექტორია. მისი თქმით, მაინინგი ქვეყნისთვის სტრატეგიულ ამოცანას არ წყვეტს, არც მნიშვნელოვანი დასაქმება მოაქვს და გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ სექტორს საგადასახადო გამონაკლისები.

მარგველაშვილის აზრით, საქართველოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით ვაჭრობა არ უნდა ეყოს. მისი თქმით, ენერგეტიკა მხოლოდ ინჟინერია არ არის — ეს არის პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, გარემო და უსაფრთხოება ერთდროულად. შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება პროფესიული რესურსი, ხედვა და კვალიფიციური მოლაპარაკება.

ამ საკითხებზე ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ისაუბრა.