საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის ახალი წესს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი დადებითად აფასებს და "კომერსანტთან" აცხადებს, რომ ქულებზე დაფუძნებული მოდელი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯია.
თუმცა, ორგანიზაციის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის, შეფასებით, ეს ცვლილება მცირე გადამზიდავების მთავარი პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის, რადგან მათთვის ბაზარზე შესვლის ძირითადი ფინანსური ბარიერები ისევ ძალაში რჩება.
როგორც ცაგარეიშვილი "კომერსანტს" უხსნის, მცირე კომპანიებისთვის კვლავ რთულად ხელმისაწვდომია საერთაშორისო გადაზიდვების ლიცენზიის მიღება, რადგან საქმიანობის დასაწყებად მაღალი საწყისი ინვესტიციაა საჭირო. საუბარია სატვირთო ავტომობილების შეძენაზე, ტექნიკურ სტანდარტებზე, დაზღვევაზე, ოპერაციულ ხარჯებზე და სხვა სავალდებულო მოთხოვნებზე, რაც მცირე ბიზნესისთვის მძიმე ტვირთად რჩება.
პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, ბაზარზე სრულფასოვნად შესასვლელად მცირე ოპერატორს ხშირად 650-700 ათას ლარამდე რესურსი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი მცირე მოთამაშე ოფიციალურ სექტორში შესვლას ვერ ახერხებს და ალტერნატიულ, ე.წ. „დახლქვეშ პოზიციონირებას“ ირჩევს — მუშაობს შუამავლების გავლით, სხვისი ლიცენზიით ან არაფორმალური სქემებით.
ესაა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში ქართველი გადამზიდავების მიერ გამოქვეყნებული პოსტების კოლაჟი

სატრანსპორტო საკითხების ექსპერტის თქმით, ეს რამდენიმე პრობლემას ქმნის:
- სახელმწიფო კარგავს საგადასახადო შემოსავალს
- ბაზარზე ჩნდება არათანაბარი კონკურენცია
- მცირე კომპანიები ვერ იზრდებიან და ვერ ინვესტირებენ
- მომსახურების ხარისხის კონტროლი რთულდება
- სექტორი სრულად ვერ იყენებს საკუთარ პოტენციალს
ცნობისთვის, ახალი წესით თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ნებართვები უკვე ქულების სისტემით გაიცემა. შეფასების კრიტერიუმებში შედის რეალურად გამოყენებული ნებართვები, შესრულებული რეისები, ავტოპარკის მდგომარეობა, გამოცდილება და რეგულაციების დაცვა. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს ცალსახად სწორი მიმართულებაა, რადგან უპირატესობა შედეგიან კომპანიებს ენიჭებათ, თუმცა, ის "კომერსანთან" ხაზს უსვამს, რომ თუ მცირე გადამზიდავებს ლიცენზიის მიღება კვლავ გაუჭირდებათ, ახალი ქულების სისტემით სარგებლობასაც ვერ შეძლებენ. მათი პოზიციით, პირველ რიგში საჭიროა ბაზარზე შესვლის გამარტივება, მათ შორის:
- ეტაპობრივი ლიცენზირების მოდელი
- მცირე კომპანიებისთვის შეღავათიანი ფინანსური ინსტრუმენტები
- ლიზინგზე ხელმისაწვდომობა
- მოთხოვნების ზომაზე მორგებული დიფერენცირება
- ტრენინგი და საკონსულტაციო მხარდაჭერა
ეკონომიკური კუთხით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სატრანზიტო დერეფნის როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის. რაც მეტი ლეგალური და კონკურენტუნარიანი გადამზიდავი იქნება ბაზარზე, მით მეტი ტვირთბრუნვა, დასაქმება და საგადასახადო შემოსავალი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ.
სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ასკვნის, რომ ნებართვების ახალი წესი პროგრესია, მაგრამ თუ მცირე გადამზიდავებისთვის ლიცენზირების ბარიერები არ შემსუბუქდა, სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ჩრდილში დარჩება.
უფრო დეტალურად რა ბარიერებს აწყდებიან მცირე გადამზიდავები ლიცენზიის აღების წესების გამო, ნახეთ აქ 👉 transcor.ge