ფრანგი მილიარდერი ვენსან ბოლორე 2009, 2010 და 2011 წლებში ტოგოსა და გვინეაში გამართულ საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებული კორუფციისა და გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება, - ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის პრესსპიკერმა განაცხადა.

ბოლორე ეჭვმიტანილია პარიზში უცხოელი მაღალჩინოსნების მოსყიდვაში, ტოგოს პრეზიდენტ ფორ ნასინგბესა და გვინეის პრეზიდენტ ალფა კონდეს საარჩევნო კამპანიების დროს.

მას ბრალად ედება გვინეასა და ტოგოში საპრეზიდენტო კანდიდატების სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოსთვის განზრახ შემცირებული საფასურის დაწესება, სანაცვლოდ კი პორტების მართვის კონტრაქტების მიღება.

კონგლომერატი Bollore Group, რომელსაც მილიარდერის ოჯახი აკონტროლებს და მართავს, წარსულში აფრიკაში ლოგისტიკურ აქტივებს ფლობდა, თუმცა 2022 წელს ისინი გადამზიდავ კომპანია MSC Group-ს მიჰყიდა.

ბოლორე და მისი ოჯახი ასევე ფლობენ მნიშვნელოვან წილებს ისეთ საჯარო კომპანიებში, როგორებიცაა Vivendi და Havas.

პროკურორის განცხადებით, კორუფციის საქმეებში ბოლორესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი: ჟილ ალიქსი, რომელიც წარსულში Vivendi-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, და ჟან-ფილიპ დორანი, რომელიც ამჟამად Havas International Consulting-ს ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ვინსან ბოლორეს ქონებას Bloombergi $8.4 მილიარდად აფასებს.

bm.ge