„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა.
ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან.
„იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. იაკობ კუბლაშვილმა 2023-2024 წლებში მმართველ პარტიას 120 000 ლარი შეწირა.
„ქართული ოცნების“ შემწირველია მისი მამაც, იური კუბლაშვილი, რომელმაც 2021 წელს 30,000 ლარი გაიღო. იური კუბლაშვილის კუთვნილმა შპს „ახალციხის შპალ-საჟღენთმა ქარხანამ“ 2012-2023 წლებში 36 მოგებული სახელმწიფო ტენდერით 3,062,274 ლარი მიიღო. ძირითადი შემსყიდველი სატყეო სააგენტო იყო“, – ამბობს „გამჭვირვალობა-საქართველო“.
მათივე ინფორმაციით, ახალციხის ტბა ქალაქის მთავარი დასავენებელი ადგილია, თუმცა რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს, რადგან მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გენერალური გეგმა დღემდე არ შექმნა.
„მიუხედავად ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხის ტბას რეკრეაციულ ზონას უწოდებს და მხოლოდ 2021 წელს, მისი რეაბილიტაციისთვის 2 მლნ-მდე ლარი დახარჯა.
2021 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მისი მერობის პერიოდში ქალაქს განაშენიანების გეგმა ექნებოდა. 2023 წელს, როცა გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო, მან თქვა, რომ „ერთ-ერთი ცუდი რაც შეიძლება იყოს, ეს არის უაზრო განაშენიანება საქართველოს მასშტაბით, კორპუსების და ეზოების სიმახინჯეები. ჩვენ მუდმივად ვართ იმ ბრძოლაში, რომ ქალაქის ცენტრში არ მივიღოთ მაღალი კორპუსები, რაც ერთხელ უკვე მივიღეთ“.
ირაკლი ლაზარაშვილმა მერობის ვადის ამოწურვამდე, 2025 წელს, გენგეგმის შემუშავება ვერ მოასწრო, თუმცა მოასწრო რეკრეაციულ ზონაში, 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა“, – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.
მათი შეფასებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იმედა მუმლაძემ სახელმწიფოსგან სარგებელი მიიღო. 2020 წელს, მისმა კომპანიამ, შპს „ატლანტ ოილმა“ ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამდებობის პირთან, მამუკა მიქელაძესთან ერთად ქალაქის შესასვლელში ბენზინგასამართი სადგური, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უნებართვოდ ააშენა.
მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა, მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის დააჯარიმეს, თუმცა, ქონების სააგენტომ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი, რაზეც უკვე შენობა ედგათ, აუქციონზე გამოიტანა და იმედა მუმლაძეს მიჰყიდა. ამჟამად, ეს კომპანია, მხოლოდ მას ეკუთვნის“.
TI-ის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გადაწყვეტილებების მიღებისას არ ითვალიწინებენ საზოგადოების ინტერესებს და ნებართვის გაცემის პროცესში არ გამორიცხავენ კორუფციის შესაძლო რისკებს.
„მიუკერძოებელ და ობიექტურ საგამოძიებო ორგანოებს უკვე უნდა გამოეძიებინათ ახალციხის ტბის პირას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის კანონიერების ფაქტი“, – ამბობს TI.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge