ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის ლიდერს მკაფიოდ განუცხადეს, რომ საჭიროა დეესკალაციისკენ მიმართული რეალური ნაბიჯები ჩვენს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

“განვიხილეთ ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი -უკრაინა, აშშ, რუსეთის - შეხვედრისთვის მზადების საკითხები, რომელიც სამუშაო ჯგუფების დონეზე უნდა გაიმართოს. ფინეთსა და ნორვეგიას, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ უსაფრთხოების მყარი და საიმედო მექანიზმების მიმართ. ასევე განვიხილეთ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რომლებიც სასარგებლო იქნება დიპლომატიის, ჩვენი თავდაცვისა და საერთო უსაფრთხოების შემდგომი მხარდაჭერისთვის. მშვიდობა უნდა დამყარდეს, საჭიროა დეესკალაცია, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს ომის გაჭიანურება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.

ipn.ge