ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ეტაპზე გადადის. ორგანიზაციის წარმომადგენლები ნოემბერსა და დეკემბერში ესპანეთს, პორტუგალიასა და მაროკოს ეწვევიან.

FIFA-ს დელეგაცია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებსა და სტადიონებს დაათვალიერებს. ვიზიტის მიზანი ინფრასტრუქტურის, საორგანიზაციო შესაძლებლობებისა და ტურნირის ჩასატარებლად მზადყოფნის შეფასებაა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნები უკვე ცნობილია, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შესაძლო ცვლილება კვლავ განხილვის თემაა.

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) FIFA-ს ტურნირის 64 ნაკრებამდე გაფართოების წინადადებით მიმართა. იდეის ავტორებს სურთ, მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილე განსაკუთრებული ფორმატით აღინიშნოს.

ამ ეტაპზე 64-გუნდიანი ფორმატის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან, ხოლო ტურნირის პირველი სამი შეხვედრა არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის 100 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა.

1tv.ge