ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ტარიფების გავლენა კითხვის ნიშნებს აჩენს

ოთხშაბათს, 30 ივლისს გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად, რომელიც გლობალურ პერსპექტივებს ბუნდოვანს ხდის, 2025 წლის მეორე კვარტალში, ბევრისთვის მოულოდნელად, ევროზონის ეკონომიკა გაიზარდა. როგორც ევროკავშირის სტატისტიკის ოფიციალური სამსახური „ევროსტატი“ იუწყება, ერთიანი სავალუტო ზონის 20 ქვეყნის ეკონომიკა აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ ნულპროცენტიან პროგნოზზე ოდნავ უკეთესია. „აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების არასტაბილურობის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკამ თავისი მდგრადობა აჩვენა“, - აღნიშნა „აი ენ ჯი ბანკის“ წარმომადგენელმა, ბერტ კოლინმა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდა, მან ევროკავშირს მტკივნეული ტარიფები დაუწესა, მაგრამ სავაჭრო ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიუსელმა ვაშინგტონთან კვირას შეთანხმება გააფორმა.

ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ შეთანხმება ევროპულ კომპანიებს გაურკვევლობებიდან გამოიყვანს და ეკონომიკურ რყევებს თავიდან ააცილებს. თუმცა, ანალიტიკოსები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ევროპა მაინც მიიღებს დარტყმას ამ შეთანხმებით, რომელიც საექსპორტო საქონლის უმეტესობაზე ტარიფების 15-პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა „ევროსტატის“ მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროპის სიდიდით მეორე ეკონომიკამ - საფრანგეთმა - მოლოდინს გადააჭარბა და მეორე კვარტალში 0.3 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ნამდვილ სიურპრიზად მაინც ესპანეთი იქცა, სადაც აპრილიდან ივნისამდე 0.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირა. ამავე პერიოდში 0.6-პროცენტიანი ზრდა აჩვენა პორტუგალიამ. ევროპის ეკონომიკური ცენტრში, გერმანიაში კი, მოულოდნელად, წინა კვარტალთან შედარებით, 0.1-პროცენტიანი ვარდნა აღინიშნა. მეორე კვარტალში 0.1 პროცენტით შემცირდა იტალიის ეკონომიკაც.

2025 წლის მეორე კვარტალში ევროზონის 0.1-პროცენტიან ზრდას წინ უძღოდა ერთიანი სავალუტო ზონის ეკონომიკის 0.6-პროცენტიანი ზრდა პირველ კვარტალში. თუმცა, ეკონომისტების შეფასებით, პირველი კვარტლის მონაცემები, ირლანდიის მონაცემების ექსტრემალური ცვლილების გამო, მთლად სანდო არ არის.

მოსალოდნელია სუსტი ზრდა

2025 წელი ევროპისთვის გაურკვევლობებით არის სავსე. ტრამპი ევროპულ საქონელზე 30-პროცენტიანი გადასახადების შემოღებით იმუქრებოდა, თუ 1 აგვისტომდე ბრიუსელი და ვაშინგტონი შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. კვირას მიღწეულ შეთანხმებას დეტალები აკლია, რადგან ბევრი საკითხი რამ ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, მაგრამ ორივე მხარემ უკვე დაადასტურა, რომ ევროკავშირის პროდუქციის უმეტესობას 15-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება, მათ შორის - ფარმაცევტულ და ნახევარგამტარულ პროდუქტებს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება გავლენას მოახდენს ევროზონის ეკონომიკაზე. „ვინაიდან 15-პროცენტიანი ტარიფი ევროპის რეგიონის მშპ-ს დაახლოებით 0,2 პროცენტს გამოაკლებს, წლის დარჩენილ პერიოდში ეკონომიკის სუსტი ზრდაა მოსალოდნელი“, - ამბობს „კაპიტალ ეკონომიკსის“ ევროპის საკითხების უფროსი ეკონომისტი, ფრანცისკა პალმასი.

„მოსალოდნელია, რომ გლობალური ვაჭრობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები მომავალშიც მოახდენს გავლენას ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკებზე. უახლოეს მომავალში სასწაულებს ნუ ელით, მაგრამ, ამავდროულად, ევროზონის ეკონომიკისთვის სიცოცხლის ახალი ნიშნები უკვე იწყებს გამოჩენას“, - აცხადებს „აი ენ ჯი ბანკის“ წარმომადგენელი კოლინი, რომელიც ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს. წლის პირველ ნახევარში ევროპული კომპანიები შეეცადნენ, ოკეანის გაღმა რაც შეიძლებოდა მეტი საქონელი გაეგზავნათ, რათა ტრამპის მიერ მაღალი ტარიფების დაწესებისთვის დაესწროთ. საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ერიკ ლომბარდის თქმით, საფრანგეთის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ქვეყნის კომპანიები აშშ-ს მიერ ტარიფების გაზრდის მიმართ მდგრადები აღმოჩნდნენ.

ახლა საფრანგეთი ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის შამპანურსა და ღვინოებზე, ისევე როგორც მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელებზე ნულოვანი ტარიფების შემოღებას ცდილობს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ევროპელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეული საქონლის ტარიფებისგან გათავისუფლებას, მაგრამ ზუსტად რომელი საქონლის, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

წყარო: 1 არხი