სამწლიანი გამოძიების შედეგად, გაუქმდა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასშტაბური სტრიმინგ პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 1,8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ოთხშაბათს, 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება 31 ქვეყანაში ჩატარებული ჩხრეკების საფუძველზე იქნა მიღებული.
ბავარიის კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილის, გვიდო ლიმერის მიერ მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, 2021 წელს შექმნილი პლატფორმა „KidFlix“-ის ლიკვიდაცია „ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა“ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სფეროში მას შემდეგ, რაც ევროპოლი ფუნქციონირებს (1999 წელი).
იდენტიფიცირებულია დაახლოებით 1400 ეჭვმიტანილი. დარკნეტზე განთავსებულ პლატფორმაზე ვიდეოები, 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1.8 მილიონმა ადამიანმა ნახა.
„საქმე ეხება ბავშვების, ძალიან პატარა ბავშვების და თვით ჩვილების მიმართაც კი ჩადენილ საშინელ სექსუალურ ძალადობას, რაც ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვიდეო ჩანაწერების სახით“, - აღნიშნა გვიდო ლიმერმა.
კრიპტოვალუტით რეგისტრაციის გადახდის შემდეგ, მომხმარებლებს წვდომა ჰქონდათ 91 ათასზე მეტ ვიდეოზე, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 6 288 საათს შეადგენდა. დღეს უკვე გათიშულ პლატფორმაზე ყოველ საათში, საშუალოდ, სამნახევარი ახალი ვიდეო იტვირთებოდა.
გამოძიება, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, მიმდინარე წლის მარტში მასშტაბური საპოლიციო ოპერაციით დასრულდა, რომელსაც ევროპოლი უჭერდა მხარს. მასში ჩართული იყო 38 ქვეყნის ხელისუფლება, უმეტესად ევროპიდან, ასევე აშშ-დან, კანადიდან, კოლუმბიიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.
წყარო: 1 არხი