ევროპული საქონლით დატვირთული პირველი მატარებელი ვარშავიდან საქართველოზე გამავალი ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტით პეკინში გაემგზავრა. მანამდე ამ მარშრუტზე კონტეინერები ძირითადად აზიიდან ევროპისკენ იტვირთებოდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მატარებელი პირველად ჩაიტვირთა. ინფორმაციას Businessinsider.com.pl ავრცელებს.

პოლონეთის ლოგისტიკური ოპერატორი, PKP Cargo Connect აცხადებს, რომ „ვარშავის ტერმინალიდან ჩინეთში სატვირთო მატარებელი პირველად გავიდა, რომელსაც ევროპიდან, კერძოდ, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან პროდუქცია გადააქვს“.

მომსახურებაზე პასუხისმგებელი PKP Cargo Connect ჩინურ ოპერატორ Henan Zhongyu International Port Group-თან თანამშრომლობს.

კომპანიის ცნობით, „უახლოეს მომავალში ვარშავის მარივილსკის ტერმინალიდან, ასევე, სამი მატარებელი პოლონური ფეხსაცმლით, ადგილობრივ ქარხნებში ნაწარმოები საავტომობილო კომპონენტებითა და ჩეხური ლუდით გავა”.

ჩინეთში რკინიგზით ტრანსპორტირებას თერთმეტიდან ცამეტ დღემდე სჭირდება, რაც საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით დროს მნიშვნელოვნად ზოგავს, თუმცა ხარჯი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს. ამ გზის მთავარი მარშრუტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან, ტერესპოლთან ახლოს მდებარე ტერმინალზე გადის.

გამოცემა წერს, რომ „2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მარშრუტის მნიშვნელობა შემცირდა, თუმცა ამჟამად ის აღორძინების სტადიაზეა”.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს უკრაინის სახელმწიფო საწარმო ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალებთან“ (Batumi International Container Terminals ) მემორანდუმი გააფორმა, რომ ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვის მთავარი ჰაბი გახდეს. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დივერსიფიცირებული კავშირის პერსპექტიულ ქვეყნად რჩება, რასაც, განსაკუთრებით, ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-პოლონეთის მარშრუტი პოლონეთ-უკრაინის სარკინგზო-სასაზღვრო გადასასვლელებით განაპირობებს.

ასევე, აგვისტოში ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის აქციონერები რიგგარეშე საერთო კრებაზე შეთანხმდნენ, რომ სააქციო საზოგადოება „ჩინეთის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები“ ერთობლივ საწარმოში გაწევრიანდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის მართვას ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კომპანიები განახორციელებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ UZ Cargo Poland-მა, LTG Cargo Polska Sp. z o. o.-სთან პარტნიორობით, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მარშრუტით ნავთობპროდუქტები გადაიტანა. როგორც „უკრზალიზნიცა“ იტყობინება, UZ Cargo Poland-მა პირველად გადაიტანა ნავთობპროდუქტები, როგორც ევროკავშირის ლიცენზირებული სარკინიგზო გადამზიდავი, კონკრეტულ მარშრუტზე პოლონეთის გავლით, UZ ვაგონების გამოყენებით ტვირთების გადაზიდვის მომსახურების მიწოდებასთან ერთად.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი