ევროკავშირი დაშლის პირასაა, ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკაა, ევროკავშირის გემის კორპუსმა დარტყმებს ვერ გაუძლო და დაიშალა. წყალი შეედინება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ფინანსური კრიზისის, მიგრაციის, ომისა და უზარმაზარი პრობლემების ჩრდილში, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად. ვალების მთები, მიგრანტების მასები, ქუჩის ძალადობა, ომის სულ უფრო და უფრო ბნელი ჩრდილები, მასობრივი გათავისუფლებები, კომუნალური გადასახადების მკვეთრი ზრდა, გაკოტრებული ოჯახები და ბრიუსელელი ბიუროკრატები, რომლებიც შეშინებული ქათმებივით დარბიან, როგორც გაუმართავი GPS-ები, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს აღწევენ. ჩვენს წინაშე მთელი კონტინენტის გაკოტრებაა, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია და რომლის წევრებიც ჩვენც ვართ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, საჭიროა ინტელექტუალური, პოლიტიკური და პირადი გამბედაობის გამოჩენა იმის გასაცნობიერებლად, რომ „დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და რომ არსებობს უკეთესი გზა“.

„ევროპა, რომელსაც ვიცნობდით და გვიყვარდა, დასრულდა. თუ ამას უარვყოფთ, დროს ვკარგავთ, თუ ამას ვიტყვით, დროს ვიგებთ“, - აღნიშნა ორბანმა.

www.interpressnews.ge