ევროპაში სულ უფრო მეტი კომპანია ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შედეგად სამუშაო ძალას ამცირებს. 2026 წელს იმ დამსაქმებელთა წილი, რომელთა ორგანიზაციებმაც AI-ის რეალური ან მოსალოდნელი გამოყენების გამო თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირეს, 28%-მდე გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 13% იყო. ამის შესახებ Littler-ის 2026 წლის ევროპელი დამსაქმებლების კვლევაშია აღნიშნული.
კვლევა თითქმის 500 ბიზნესის ხელმძღვანელის, იურისტისა და ადამიანური რესურსების მენეჯერის გამოკითხვას ეფუძნება. რესპონდენტთა 51% კომპანიის უმაღლესი მმართველობითი რგოლის წარმომადგენელია. კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვნად ცვლის კომპანიების შიდა პროცესებსა და დასაქმების პოლიტიკას: გამოკითხულ ორგანიზაციათა 94% AI-ს ადამიანური რესურსებისა და შრომითი სამართლის მიმართულებით იყენებს.
გარდა უშუალოდ სამუშაო ადგილების შემცირებისა, კომპანიები ახალი თანამშრომლების აყვანასაც ზღუდავენ. კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო დასაქმების შემცირების ან ახალი კადრების აყვანის შეზღუდვის მაჩვენებელი 32%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 13% იყო. ამასთან, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ ავტომატიზაციისა და AI-ის გამოყენებას სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესამცირებლად ზრდის.
Littler-ის შეფასებით, ტექნოლოგიური ცვლილებები შრომის ბაზარზე უკვე კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებში აისახება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად გრძელვადიანი იქნება სამუშაო ძალაზე შემცირებული მოთხოვნა და რამდენად შექმნის AI ახალ ფუნქციებსა და პოზიციებს. ამასთან, კომპანიებს ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად რეგულაციებთან ადაპტაციაც უწევთ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაო ძალის მართვაზე გავლენას მოახდენს.