ევროპაში მიწისქვეშა გაზსაცავების შევსების დონე წლის ამ პერიოდისთვის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამის მიზეზად რუსული მილსადენური გაზის მიწოდების შეწყვეტა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ბაზარზე არსებული დეფიციტი სახელდება.
ამ დროისთვის ევროკავშირის გაზსაცავები საშუალოდ მხოლოდ 71%-ითაა შევსებული, მაშინ როდესაც წლის ამ პერიოდისთვის სეზონური ნორმა 87%-ს შეადგენს. გერმანიაში გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი 57%-ია.
ევროპის გაზის ბაზარზე ზაფხულისა და ზამთრის ფასებს შორის სხვაობის შემცირებამ კომერციული მარაგების შექმნა ნაკლებად მომგებიანი გახადა. შედეგად, სახელმწიფოებისთვის სტრატეგიული გაზის რეზერვების მნიშვნელობა იზრდება.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ევროკავშირის 9 ქვეყანას ჯამში დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის სტრატეგიული გაზის მარაგები აქვს.
დაბალი მარაგების ფონზე, ზამთრის პერიოდში ევროპაში LNG-ის ფასების მკვეთრი ზრდის რისკი იზრდება, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ევროკავშირის ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას გააძლიეროს.