ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა სწრაფად მიაღწევს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, თუ ქვეყანაში რეფორმების მიმდინარე ტემპი შენარჩუნდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ის კომენტარს ვერ აკეთებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა ხაზი გაუსვა კიევის წარმატებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ტემპი, რომლითაც უკრაინა მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, შთამბეჭდავია. ეს არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია დამსახურებაზე და ენთუზიაზმი და ინტენსივობა, რომლითაც უკრაინა რეფორმებს ახორციელებს, სწრაფად აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.