ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის კომპონენტიდან, €1.24 მილიარდი გადაურიცხა. თანხა უკრაინული კომპანიების მიერ წარმოებული დრონების, გზაგადამჭერი დრონების, დრონებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და რაკეტების შესაძენად და წარმოების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის სტრატეგიას აგრძელებს და ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების გაუსაძლისად ქცევას ცდილობს.

მისი თქმით, ახალი დაფინანსება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დაცვას შეუწყობს ხელს.

უკრაინისთვის მომზადებული €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი 2026-2027 წლებში ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვითი წარმოებისთვის €60 მილიარდს, ხოლო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის €30 მილიარდს ითვალისწინებს.

მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად €28.3 მილიარდის გამოყოფაა დაგეგმილი.

ევროკომისიის ინფორმაციით, 2026 წლის დარჩენილ პერიოდში უკრაინისთვის დამატებით €32.5 მილიარდია ხელმისაწვდომი. აქედან €15.4 მილიარდი თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო €17 მილიარდზე მეტი, შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტის დასახმარებლად იქნება გამოყოფილი.